გოცირიძე გიორგი გიორგის ძე (14. XI. 1910, თბილისი, – 1. V. 1977, მოსკოვი), არქიტექტორი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1950, 1951). საბჭ. კავშირის გმირი (25. X. 1943). გვარდიის პოდპოლკოვნიკი. დაამთავრა თბილ. საინჟინრო-სამშ. ინ-ტი (1934), მოსკ. კომუნ. მეურნეობის აკადემია (1938). ეწეოდა სამეცნ. მოღვაწეობას მოსკოვში. II მსოფლიო ომის დროს საბჭ. არმიაში გაიწვიეს და სასწავლებლად გაგზავნეს ვ. კუიბიშევის სახ. სამხ.-საინჟინრო აკადემიაში. იბრძოდა სტალინგრადთან, მდ. დონთან. მდ. დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. ომის შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში. 1968-იდან მოსკ. ოლქის მთ. არქიტექტორი იყო. მის ნამუშევართაგან აღსანიშნავია ცენტრ. აეროჰიდროდინამიკის ინ-ტის კომპლექსი, აკად. ა. ტუპოლევის ექსპერ. ბაზა (1951, 1953), მოსკ. ოლქის რ-ნული დაგეგმარების პროექტი (1973), ქ. მოსკ. საგარეუბნო ზონის დაგეგმარების პროექტი (1976). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.
ტ. ჩინჩილაკაშვილი