გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე 

 

ვ. გოცირიძე

გოცირიძე ვიქტორ დავითის ძე [20. III (2. IV). 1910, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 22. III. 1995, თბილისი], ინჟინერ-გვირაბმშენებელი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961), საპატიო რკინიგზელი (1944), სოციალ. შრომის გმირი (1980), თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). 1934 დაამთავრა მოსკ. საგზაო-საავტ. ინ-ტი. 1934–37 მუშაობდა მოსკ. მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ – ცვლის უფროსად; 1937– 41 – თბილ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის სახ. განათლების განყ-ბაში მთ. ინჟინრად; 1941–46 – ამიერკავკ. ფრონტის შტაბის სამხ. მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ. 1946–52 – ამიერკავკ. რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ – ამავე სამსახურის უფროსად. 1952-იდან იყო „თბილმეტრომშენის " სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 1957–87 – სამმართველოს უცვლელი უფროსი, 1987-იდან (პენსიაზე გასვლის შემდეგ) – ამავე სამმართველოს მთ. სპეციალისტი. გ. ითვლება თბილ. მეტროპოლიტენის ერთ-ერთ დამაარსებლად. მის სახელთან არის დაკავშირებული თბილ. მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზისა და 21 სადგურის მშენებლობა. გ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე მრავალი საგზაო და სარკინიგზო გვირაბის (როგორც საქართველოში, ისე სამხრ. და ჩრდ. კავკასიის რესპუბლიკებში), სოფ. მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტების, რკინიგზის ვაგზლების (სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტ. გზის, კოსმ. სხივების მაღალმთიანი სადგურის (ცხრაწყარო) მშენებლობაში, ახალი ათონის კარსტული მღვიმის კეთილმოწყობაში (1977; მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია, სხვებთან ერთად). ხელმძღვანელობდა აგრეთვე თბილ. რკინიგზის ვაგზლის, ფიზიკის ინ-ტის, რესპუბლიკის მოედნისა და მეტეხის გვირაბის მშენებლობას. მონაწილეობდა თბილისისა და ერევნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებში და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. 1995–2006 გ-ის სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური „დელისი", 2011-იდან კი მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ „ელექტროდეპოს".

დ. გომართელი