გოცირიძე მიხეილ გერასიმეს ძე 

 

მ. გოცირიძე „გულაბი-დული" 1968

გოცირიძე მიხეილ გერასიმეს ძე (8. XI. 1901, თბილისი, – 25. V. 1975, იქვე), სცენოგრაფი, კინოს მხატვარი. საქართვ. დამს. მხატვარი (1962). 1922–25 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში, 1923-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1925-იდან მხატვრად მუშაობდა თბილ. თეატრებში. გააფორმა სპექტაკლები: „უჩინმაჩინი", „ნატვრისთვალი", „ჩვენი ნაცნობები", „ორი რეკორდი" – მუს. კომედიის თეატრში: „რობინ ჰუდი", „სურამის ციხე", „ლადო კეცხოველი", „ნაცარქექია", „კომბლე" – თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში და სხვ. 1929-იდან იყო დამდგმელი მხატვარი კინოსტუდია „ქართულ ფილმში"; გააფორმა ფილმები: „ბანაკი მთაში" (1930), „უდაბნო" (1932), „უჟმური" (1934), „მდინარის იქით" (1935), „ორი მეგობარი" (1936), „ქაჯეთი" (1936), „დაგვიანებული სასიძო" (1939), „გიორგი სააკაძე" (1942–43), „ქალის ტვირთი" (1957), „ორი ოჯახი" (1958) და სხვ. მუშაობდა დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში.

ა. გვენცაძე