გოცირიძე ნესტორ კონსტანტინეს ძე 

 გოცირიძე ნესტორ კონსტანტინეს ძე  (23. IX. 1913, ქუთაისი, – 1. VIII. 2007, თბილისი), ზოოტექნიკოსი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1985). 1935 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1949-იდან იყო მეცხოველეობის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი. სამეცნ. და სასწ. ინ-ტების რეორგანიზაციის შემდეგ დანიშნეს საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-სამეცნიერო ინ-ტის მეძროხეობისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლ. განყ-ბის გამგედ. 2002–05 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ზოოტექ.-სავეტერინარო უნ-ტის რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგიის კათედრაზე კონსულტანტ-პროფესორად. გ-მ გამოავლინა ადგილ. ჯიშების გენეტიკური შესაძლებლობანი. ექსპერიმენტულად შეისწავლა ძროხის მეგრული წითელი ჯიშის სარძეო-სახორცე პროდუქტიულობა, პირველმა დაადგინა საქონლის ქართ. ჯიშების სახორცე უნიკალური თვისებები. სომეხ., აზერბ. და დაღ. მეცნიერებთან ერთად გამოიყვანა ძროხის ახ. ჯიში „კავკასიური წაბლა" (1960). გ-ის ხელმძღვანელობით მომზადდა ქართვ. ზოოტექნიკოსთა კადრები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).

თხზ.: სანაშენე მუშაობა საქართველოს მესაქონლეობაში, თბ., 1962; რძისა და ძროხის ხორცის წარმოების ტექნოლოგია, თბ., 1997.

ნ. წივწივაძე