გორდელაძე ლეილა კონსტანტინეს ასული (15. IV. 1927, თბილისი, – 19. III. 2004, იქვე), კინორეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1976). დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ.- ფილოს. ფაკ-ტი (1950) და საკავშ. კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტის სარეჟისორო კურსები მოსკოვში (1959). სადიპლომო ფილმია „ნეტოჩკა ნეზვანოვა" (1959). 1959-იდან მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962) და „მაცი ხვიტია" (1966). დამდგმელი რეჟისორია ქართ. მხატვრული ფილმებისა: „ლევანა" (1960); „ორი მოთხრობა" (კინონოველა „თეთრი ქალიშვილი", 1962); „დაბრუნებული ღიმილი" (კინონოველა „ალოობა", 1967); „მოიტაცეს თამარ ქალი" (1971); „მშობლიურ ხეთა ჩრდილებში" (კინონოველა „ძაღლი", 1974); „ბათა ქექია" (1978); „აქედანა და შენამდე" (1984); „ჩემი ბოშები" (1987) და სხვ. გ-მ აღადგინა კ. მიქაბერიძის მიერ 1929 გადაღებული შავ-თეთრი მუნჯი კინოს შედევრი, სატირული კინოკომედია „ჩემი ბებია" (1975).
ა. გვენცაძე