გონაშვილი მაყვალა კარლოს ასული (დ. 1. III. 1959, სოფ. არბოშიკი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), პოეტი. 1981 დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი, მუშაობდა ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში. 1990 დააფუძნა ახალგაზრდა მწერალთა ასოციაცია „გულანი". რედაქტორობდა 1995 დაარსებულ ინგლისურენოვან შემეცნებით-გასართობ საყმაწვილო გაზეთს „ჰელოუ, ბეიბი". იყო საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი. 2004 აირჩიეს საქართვ. მწერალთა კავშირის თავ-რედ. გ-ის პირველი ლექსები და მინიატიურები 1968-იდან იბეჭდებოდა საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთებში („ნორჩი ლენინელი", „პიონერი"), გამოქვეყნებული აქვს კრებულები: „ყაყაჩოების კოცონი" (1985), „მზის ცრემლი" (1987), „მე თქვენ მიყვარხართ" (1990), „სალოცავი ჩემი, საფიცარი ჩემი" (1994), „სახეები და სახელები" (1999), "ძახილი" (2001), "გუმბათებიდან მზის მადლი ჟონავს" (2003), „მართალს ვიტყვი" (2006), „აქედანა და თქვენამდე" (2009), „მზე შინა" (2010) და სხვ. გამოცემული აქვს საბავშვო წიგნები: „კიჭას საოცარი თავგადასავალი" (1987), „კუდიანი ვარსკვლავის სამეფოში" (1991), „მე პატარა ქართველი ვარ" (1992), „გოჭი კიკის საოცარი თავგადასავალი" (2006). გ-ის ლექსები თარგმნილია უცხ. ენებზე. 2008 გ-ს მიენიჭა ანა კალანდაძის, 2010 – ილია ჭავჭავაძის სახ. პრემიები.