გომიაშვილი არჩილ მიხეილის ძე

 

ა. მ. გომიაშვილი
tightა. მ. გ ო მ ი ა შ ვ ი ლ ი – ოსტაპ ბენდერი, ს. ფ ი ლ ი პ ო ვ ი – კისა ვორობიანინოვი, კადრი ფილმიდან "თორმეტი სკამი".

გომიაშვილი არჩილ მიხეილის ძე (13. III. 1926, ჭიათურა, – 31. V. 2005, მოსკოვი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1966). სწავლობდა მოსკოვში ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახ. სკოლა-სტუდიაში. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1944-იდან თბილ. ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრში. რამდენიმე სეზონი იმუშავა სოხუმისა და გორის, წლების მანძილზე კი – თბილ. კ. მარჯანიშვილისა და ა. გრიბოედოვის სახ. თეატრებში. 1971-იდან მუშაობდა მოსკ. ლენინური კომკავშირის სახ. თეატრში. სცენაზე შესრულებული აქვს 100-მდე როლი, მ.შ. გამოირჩევა არმანი (ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე"), ალდემარო (ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი"), ვიქტორი (ლ. ზორინის „ვარშავული მელოდიები"), ლაითაძე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია"), ბარონი (მ. სტეგლიკის „სოფლური სიყვარული"), მარტ ტუისკი (ე. რანეტის „გზააბნეული შვილი"), ვასკა პეპელი (მაქსიმ გორკის „ფსკერზე"), კეისარი (ბ. შოუს „კეისარი და კლეოპატრა") და სხვ. თეატრში მუშაობის პარალელურად წლების მანძილზე კონცერტებს მართავდა სსრკ ქალაქებში. დადგა პანტონიმა „სასაცილო და ნაღვლიანი ნოველები". 1961-იდან იღებდნენ კინოში. როლები: ზურაბი („თხუნელა", 1962), კოსტაია („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", 1965), ოსტაპ ბენდერი („თორმეტი სკამი", 1971, „მოსფილმი"), ნუგზარ პაპაშვილი („მიმინო", 1977, „მოსფილმი"), ეროშკა („კავკასიური ამბავი", 1978), აშრაფი („სიყვარულო და სევდავ ჩემო", 1979, „მოსფილმი" და თურქ. „ტუგრა-ფილმი"), ანტონიო („სპილენძის ანგელოზი", 1984, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), სკაპენი და რეჟისორი („სკაპენის ოინები", 1985), პაშა ფოკინი („ჩემი საყვარელი ჯამბაზი", 1986, „მოსფილმი") და სხვ. გ. გამოირჩეოდა მკაფიო ინდივიდუალობით, სცენური მომხიბვლელობითა და იუმორით.

ა. გვენცაძე