გომელაური ნიკოლოზ ვლადიმერის ძე

 გომელაური ნიკოლოზ ვლადიმერის ძე  (18. XI. 1918, სიღნაღი, – 11. XI. 1961, თბილისი), კერამიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1958). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1942). მისი პედაგოგები იყვნენ დ. ციციშვილი , ბ. შებუევი, ა. ფიცხელაური , ზ. პ. მაისურაძე . 1942–44 გ. სიღნაღის დრამ. თეატრის მთ. მხატვარი იყო. 1947-იდან პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. 1945-იდან მონაწილეობდა მხატვართა საერთაშ. გამოფენებში (კერამიკოსთა საერთაშ. გამოფენა, ჟენევა, 1945). გ. ქართ. პროფესიული კერამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ქართ. კერამიკა გაამდიდრა ახ. ტექ. პროცესებით, შეისწავლა ბრინჯაოსა და ანტ. ეპოქის კერამიკა, რ-იც შემოქმედებითად გამოიყენა თავის საქმიანობაში. გ. ძირითადად ქმნიდა დეკორ. ლარნაკებსა და კერამ. ქანდაკებებს. ნამუშევრები: ფიალები (1953), ყვავილების ლარნაკი (1958), ჭინჭილა (1960), დოქი (1961) და სხვ. გ-ის შემოქმედებამ გარკვეული როლი ითამაშა ქართ. მხატვრული პროფესიული კერამიკის განვითარების საქმეში.

ნ. კიკნაძე