გოთუა ლევან პართენის ძე

ლ. გოთუა

გოთუა ლევან პართენის ძე (10. III. 1905, თბილისი, – 30. I. 1973, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის ეზოში), მწერალი. სწავლობდა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტზე. 1921 თებ-ში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილ. და მოსკ. ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში (ჩრდ. ოსეთი) თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში. II მსოფლიო ომის გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტ. ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი", რის გამოც 1946–55 კვლავ მოათავსეს ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტ. დრამა „სამსახეობა რაინდისა" და, რაც მთავარია, ისტ. რომანი „გმირთა ვარამი", რ-იც გ-მ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1–4, 1965– 67). ტეტრალოგია "გმირთა ვარამი" მეტად მნიშვნელოვანია გ-ს შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVIII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართვ. ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება. რომანში უხვად არის მოშველიებული ისტ. ფაქტები, ეთნოგრ. მასალა, გეოგრ. ცნობები; წარმოდგენილი არიან ისტ. პირები, კოლორიტული ხალხ. პერსონაჟები. რომანის ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი მკაფიოდ ჩანს დაცემული ქვეყნის აღდგენის იმედი. ასევე საინტერესოა რომანი „მითრიდატე" (1970, დასრულებულია მხოლოდ I წიგნი), რ-შიც აღწერილია ქართველური ტომების გაერთიანების დასაწყისი I ს-ში. ისტ. თემას გ-ს შემოქმედებაში თვალსაჩინო ადგილი ეთმობა. ამ თემაზეა დაწერილი დრამები: „მეფე ერეკლე" (1942), „უძლეველნი" (1943), „დავით აღმაშენებელი" (1945), „სამსახეობა რაინდისა" (1946); მოთხრობები: „კრწანისის სევდა" (1941), „ყინწვისის ანგელოზი" (1943), „ხანძთის ზარი" (1945), „უგზო ქარავანი" (1945), „სიბრძნე სიკვდილისა" (1949). გ. მხოლოდ ისტ. თემით არ შემოფარგლულა. აღსანიშნავია ასევე რომანი „ლეკვი ლომისა" (1963); მოთხრობები: „ნისლი ნახატარის ტყეში" (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე" (1960), „ფრესკის მეორედ დაბადება" (1961) და სხვ. გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიც. წერილი, საბავშვო მოთხრობა, ნოველა. მისი უკანასკნელი ნაწარმოებია „სერაფიტა" (1973).

გ. ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც – დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი" (1960). ქართ. თეატრების სცენაზე (უმეტესად კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში) იდგმებოდა გ-ს პიესები: „დავით აღმაშენებელი" (1946, რეჟ. ვ. ტაბლიაშვილი), „მეფე ერეკლე" (1963, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე) და სხვა. რომან „გმირთა ვარამის" მიხედვით დაიდგა აგრეთვე ამავე სახელწოდების სპექტაკლი (1976, რეჟ. ა. ჩხარტიშვილი).

თხზ.: თხზულებათა კრებული 6 ტომად, თბ., 1975–82.

ლიტ.: გ ო თ უ ა  თ., გ ო თ უ ა  ა., თავგადასავალი ლევან გოთუასი, თბ., 1955; ნ ო რ ა კ ი ძ ე  ვ., ლევან გოთუა. ფსიქოლოგიური პორტრეტი, თბ., 1976; ლევან გოთუა. ბიობიბლიოგრაფია, შედგ. კ. რამიშვილისა და რ. მეგრელიძის მიერ. ბიოგრ. ნარკვევი ს. ხუციშვილისა, თბ., 1976.

რ . ჩხეიძე