(Goehe) იოჰან ვოლფგანგ ფონ (28. VIII. 1749, მაინის ფრანკფურტი, – 22. III. 1832, ვაიმარი), გერმანელი მწერალი და მოაზროვნე. დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნ-ტებში. გ. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი პოეტია. მისი დრამები, რომანები, ფილოს. ჰიმნები, ლირ. ლექსები, ეპიგრამები და მრავალი სხვა მსოფლიო ლიტ-რის საგანძურის კუთვნილებაა. გ-ს ისტ. მნიშვნელობის შრომები აქვს ბუნებისმეტყველების დარგში. მანვე შემოიღო ტერმინი „მორფოლოგია". ქართვ. საზ-ბა გ-ს შემოქმედებას გაეცნო XIX ს. 70-იან წლებში ლექსით „მგზავრის ღამეული სიმღერა", რ-იც მ. ლერმონტოვის თარგმანიდან გადმოაქართულა გ. ორბელიანმა. დაახლ. ამავე პერიოდში ითარგმნა „ეგმონტი", „რაინეკე მელა", „ფაუსტის" ნაწილი, ლირ. ლექსები. გ-ს შემოქმედებისადმი ინტერესი გაიზარდა 1900-იან წლებში. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ მას ი. ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნ. ავალიშვილი, ნ. ნიკოლაძე, ა. ცაგარელი, ს. ჭრელაშვილი და სხვ. XX ს-ში დაიწყო გ-ს თხზულებების სისტემატური თარგმნა და კვლევა. მისი ლირ. ნაწარმოებები თარგმნეს ს. შანშიაშვილმა, გ. ტაბიძემ, ვ. გაფრინდაშვილმა, გ. ცეცხლაძემ, დ. ნახუცრიშვილმა, ვ. ბეწუკელმა, ა. გელოვანმა, ო. ჯინორიამ, დ. წერედიანმა, გ. კანკავამ და სხვ. აღსანიშნავია „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის" სამი თარგმანი (ი. ახალშენიშვილი, კ. გამსახურდია, ო. ხუციშვილი). 1983 ნ. კაკაბაძის რედაქციითა და ესეის თანხლებით დაიბეჭდა ო. ხუციშვილის მიერ თარგმნილი „გოეთეს ლირიკული რომანი". გ-ს დრამ. ნაწარმოებები: „ეგმონტი", „გეც ფონ ბერლიხინგენი", „იფიგენია ტავრიდაში", „ტორკვატო ტასო", „რაინეკე მელა", „ჰერმან და დოროთეა" თარგმნა ვ. ბეწუკელმა. ითარგმნა „ფაუსტი", როგორც ფრაგმენტულად, ისე მთლიანად (დ. ნახუცრიშვილი, პ. მირიანაშვილი, ს. შანშიაშვილი, ა. ქუთათელი, კ. გამსახურდია, დ. ონიაშვილი, გ. ჯორჯანელი, ი. ქემერტელიძე და სხვ.). ტრაგედიის ორივე ნაწილის მთლიანი, პ. მირიანაშვილისეული თარგმანი გამოქვეყნდა 1908, ხოლო დ. ონიაშვილისეული თარგმანი – 1962 (შესავალი წერილი ო. ჯინორიასი, რედაქცია და კომენტარები – დ. ლაშქარაძისა და ო. ჯინორიასი); 1988 გამოქვეყნდა გ. ჯორჯანელის მიერ თარგმნილი „ფაუსტის" პირველი ნაწილი. საინტერესოა კ. კაპანელის წერილი „ჰამლეტი და ფაუსტი. ინდივიდუალიზმის ტრაგედია" (ჟურნ. „ქართული მწერლობა", 1927). არაერთი ესეისტური ნაწარმოები უძღვნა გ-ს კ. გამსახურდიამ (თხზ. ტ. VI, 1963) – „გოეტე, ნაპოლეონი, ნიცშე", „გოეტე თუ მისტიკოსი", „გოეტეს ცხოვრების რომანი", რ-იც გ-ს „პოეზიისა და სინამდვილის", „საფრანგეთში გალაშქრების", „იტალიაში მოგზაურობის", ეკერმანთან საუბრების, კერძო მიმოწერისა და მეგობრებთან ურთიერთობის შემცველი მასალებითაა გაჯერებული. აღსანიშნავია ქართ. გერმანისტების როლი XX ს. 40–70-იან წლებში გ-ს შემოქმედების ირგვლივ გამართულ პოლემიკაში, რაც სათანადოდ აისახა ლიტ. კრიტიკაში და რამაც გარკვეული წვლილი შეიტანა ქართვ. გერმანისტების ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. 1937 გამოქვეყნდა გ. ხავთასის მონოგრაფია „გოეთე და რევოლუცია", ხოლო 1959 – მისი გადამუშავებული ვარიანტი – „გოეთე და საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუცია". 1952 ვ. ქოჩორაძის ნაშრომში „სოციალუტოპიური იდეები გოეთეს შემოქმედებაში" (დისერტაცია ფილოლ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად) აისახა ქართ. გოეთეანაში არსებული ზოგიერთი დებულების კრიტიკა. დიდი ინტერესი გამოიწვია სპეციალისტებს შორის მ. კვესელავას ორტომიანმა ნაშრომმა „ფაუსტური პარადიგმები" (1961–62) და ო. ჯინორიას ფუნდამენტურმა მონოგრაფიამ „გოეთეს შემოქმედებითი გზა" (1966, რუს. – 1984), რ-ის დიდი ნაწილი დაიბეჭდა გერმ. სამეცნ. ჟურნ. „გოეთეს წელიწდეულში". წიგნად გამოიცა მისივე „გერმანული ფილოსოფიური ლირიკა" (1981, თარგმანი და კომენტარები ო. ჯინორიასი, შესავალი წერილი ნ. ხუციშვილისა, რედაქტორი დ. წერედიანი). 1994– 96 ლ. თაკვარელიამ თარგმნა გ-ს რომანი "სულთა ნათესაობა" (სრულად გამოქვეყნდა ჟურნ. "საუნჯეში", 1994, № 1–2; 1996, № 1–2). გ-ს ნაწარმოებთა ქართ. თარგმანები (XIX ს-იდან) და მისი შემოქმედების შესწავლის მდგომარეობა ქართ. ლიტმცოდნეობაში გაანალიზებულია დ. ლაშქარაძის მონოგრაფიით „გოეთე ქართულ ლიტერატურაში" (1983), ამავე საკითხებს განიხილავს იგი ბროშურაში „გოეთე" (1982). XX ს. 80-იან წლებში საქართველოსა და, ნაწილობრივ, გერმანიაში გამოქვეყნდა ქართვ. მეცნიერთა ნაშრომები, რ-ებიც ეხება გ-ს მსოფლმხედველობასა და მისი მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ლიტ. ანალიზს (ნ. კაკაბაძე, ლ. თეთრუაშვილი, ზ. გამსახურდია, რ. ყარალაშვილი, ლ. თაკვარელია), გ-ს შემოქმედების მიმართებას გერმ. მწერლებსა და ფილოსოფოსებთან, ქართ. პოეზიის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია ლ. თეთრუაშვილის მონოგრაფია „ვაჟა-ფშაველასა და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს იდეურ-მსოფლმხედველობრივი ურთიერთობისათვის" (1982), რ-ის ძირითადი ნაწილი დაიბეჭდა „გოეთეს წელიწდეულში", მისივე „პანთეიზმის პრობლემა ახალგაზრდა გოეთეს ფილოსოფიურ ლირიკაში" და „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიისა და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს შტურმერული ლირიკის ტიპოლოგიისათვის". გ-ს გარდაცვალების 100 წლისთავთან დაკავშირებით დაიბეჭდა ა. არსენიშვილის, ა. გაწერელიას, შ. ნუცუბიძისა და სხვათა წერილები, ხოლო 150 წლისთავს მიეძღვნა სამეცნ. კონფერენციები, რ-ებიც მოაწყო საქართვ. გ-ს საზ-ბამ თბილისსა და ქუთაისში. საქართველოში გ-ს შემოქმედებითი მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის მეცნ. შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრია გოეთეს საზოგადოების საქართვ. განყ-ბა და გ-ს კაბინეტი თსუ-ში.
თხზ.:Gesammelte Werke, hrsg. von E. Trunz, 9. Aufl., Bd. 1–14, Hamb., 1969;Werke, hrsg. von E. Trunz, C. H. Beck, in 14 Bänden, Münch., 1982–2008; Sämtliche Werke in 40 Bänden, Fr/M., 1985; ლირიკა, თბ., 1967; დრამები, თბ., 1969.
ლ. თეთრუაშვილი