გოგუაძე ვლადიმერ (ვალოდია) საბას ძე (1880, სოფ. ჭანჭათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 1954, პარიზი), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. 1921- იდან ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დაამთავრა ლანჩხუთის ორკლასიანი სასწავლებელი (1895). 1895–98 მსახურობდა ბათუმში, რიხნელის და როტშილდის ქარხნებში. 1900 გაიწვიეს სამხ. სამსახურში. 1901–03 სწავლობდა ოდესის უნტეროფიცერთა სამხ. სკოლაში, რ-ის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. 1904 გახდა სოც.-დემოკრ. პარტიის წევრი. 1905 დაპატიმრებულ იქნა "ოხრანკის" მიერ. 1906–08 მოღვაწეობდა ბაქოში. 1909–10 მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და მეურნეობას მიჰყო ხელი. 1910 დაესწრო სოც.- დემოკრატთა გურიის კომიტეტის სხდომას, რის შემდეგ კვლავ ჩაება პოლიტ. საქმიანობაში. 1910– 16 თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად ებრძოდა სოც.-დემოკრ. პარტიის სახელით გურიაში მოქმედ წითელრაზმელებს, რ-ებიც აწიოკებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. 1916, ერთ-ერთი შეტაკების დროს, მძიმედ დაიჭრა. 1918–21 გ. იყო საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სახალხო გვარდიის მთ. შტაბის წევრი და ჯავშნოსანი მატარებლის უფროსი. აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლებში (1918 მარტი–აპრ.), საქართველო-სომხეთის ომში 1918, ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში (1921 თებ.–მარტი). ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, 1921–23 ცხოვრობდა თურქეთში. 1923-იდან მოღვაწეობდა საფრანგეთში. იყო საქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის საზღვარგარეთული ბიუროსა და საფრანგეთის ქართ. სათვისტომოს გამგეობის წევრი. თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 1963 პარიზში გამოიცა მისი "მოგონებანი".
თხზ.: მოგონებანი, წგ.: შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1992.
ლ. ურუშაძე