გოგოხია რევაზ აკაკის ძე (დ. 28. IV. 1936, სოფ. ფახულანი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1989). 1958 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად, ჟურნ. „ეკონომიკის" განყ-ბის გამგედ, საქართვ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1989-იდან იყო თსუ-ის ეკონ. თეორიის კათედრის პროფესორი, აგრეთვე თსუ-ის სოხუმისა (1995– 2001) და ზუგდიდის (2001–05) ფილიალების კათედრის გამგე, საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ. „სოციალური ეკონომიკის" მთ. რედაქტორი (1999–2007). 2008- იდან მისი რედაქტორობით გამოდის თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. სამეცნ.-პრაქტ. ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესი". გ-ის სამეცნ. შრომები ეხება ეკონ. თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, აგრ. ურთიერთობებისა და შერეული ეკონ. სისტემის, საქართვ. სოც.-ეკონ. განვითარების პრობლემურ საკითხებს. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლითა (2001) და ღირსების ორდენით (2003).
ლ. ჩიქავა