დემეტრე (დ ი მ ი ტ რ ი) II თ ა ვ დ ა დ ე ბ უ ლ ი (დაახლ. 1259 – 12. III. 1289), საქართველოს მეფე 1271–89, დავით VII -ისა და გვანცა დედოფლის ძე. მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლ. 1262) შემდეგ ტარსაიჭ ორბელის სახლში იზრდებოდა. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, დ. II ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში, რადგან არსებული წესის თანახმად, იგი მეფედ მას უნდა დაემტკიცებინა. ყაენმა აბაღამ დ. II საქართველოს მეფედ დაამტკიცა და მეურვე-მეთვალყურედ დაუნიშნა ყაენის სამსახურში დაწინაურებული მედროვე სადუნ მანკაბერდელი, რ-იც, აბაღას სურვილის თანახმად, დ. II-მ ათაბაგად დანიშნა. მცირეწლოვანი დ. II-ის მეფობაში ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი სადუნი იყო. როგორც ილხანთა ვასალი, დ. II საქართვ. ლაშქრით მონღოლთა ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა. 1277, 1280 და 1281 აბაღას მიერ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებს რამდენიმე ათასი ქართვ. მეომარი შეეწირა. ორ უკანასკნელ ლაშქრობაში საქართვ. ლაშქარს დ. II სარდლობდა. დ. II-ის დროს ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო დაქვეითდა, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გართულდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე – სოც. ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრდა კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რ-იც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდ. ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვეულებები (მრავალცოლიანობა და სხვ.). დ. II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა. დ. II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში. 1282 საქართვ. ლაშქრით ხორასანში იბრძოდა აჰმად-ყაენის (1282–84) მხარეზე აბაღას ძის არღუნის წინააღმდეგ; 1284-იდან ახ. ყაენის არღუნის (1284–91) მხარეს იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დ. II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დ. II-ის გავლენა საილხანოში. 1288 გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა, მისი ძე და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დ. II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ დარბაზი (სამეფო საბჭო) მოიწვია, რ-მაც ურჩია, ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დ. II დარბაზს არ დაეთანხმა, იმ მიზეზით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. მემატიანე ასე გადმოგვცემს მის სიტყვებს: „რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისაგან? ...მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა...". ურდოში დ. II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დ. II-ის მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთები არ გააჩნდა, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ხუტლუბუღამ, რ-იც განაწყენებული იყო იმით, რომ სადუნის გარდაცვალების (1281) შემდეგ მეფემ ათაბაგობა ტარსაიჭ ორბელს უწყალობა. ყაენის ბრძანებით დ. II-ს თავი მოჰკვეთეს. მისი ნეშტი ფარულად ჩამოასვენეს და მცხეთაში დაკრძალეს. შთამომავლობამ მას თავდადებული უწოდა. შერაცხულია წმინდანად. წმინდა მოწამე დ. II-ის ხსენების დღეა 12(25) მარტი.
წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
ვ. გუჩუა