თუხარელი ოთარ გიორგის ძე

თუხარელი ოთარ გიორგის ძე (25. III. 1922, თბილისი, – 14. II. 1997, კრასნოდარი, დაკრძალულია თბილისში), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაღესტნის ავტონ. რესპ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1982). თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკად. არქიტ. კათედრის პროფესორი (1981). აღმ. ქვეყნების არქიტ. საერთაშ. აკად. ნამდვილი წევრი (1993). დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. საინჟ. ინ-ტი (1946), ხოლო 1953 – მოსკ. არქიტ. ინ-ტი. ამავე წლიდან მუშაობდა არქიტექტორად მოსკ. სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1960–64 იყო საპროექტო ინ-ტის „საქსოფლმშენსახპროექტის“ მთ. არქიტექტორი (თბილისი), 1967–70 – საქართვ. მშენებლობის სახელმწ. კომიტეტის თავმჯდომარე, 1970–89 – თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. და საპროექტო ინ-ტის დირექტორი.

ძირითადი ნამუშევრები: საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტი (1976, თბილისი, კრწანისი; არქიტ. ბ. ბარქაიასთან ერთად, თანაავტორი ვ. ვასილიძე); 14-სართულიანი მსხვილპანელიანი საცხოვრ. სახლი (1981, ავტორთა ჯგუფთან ერთად, განხორციელებულია თბილისსა და ქუთაისში); 16-სართულიანი საცხოვრ. სახლი მონოლითური ბეტონისაგან (1985, ავტორთა ჯგუფთან ერთად).