ადგილობრივი ჯიში სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა

ადგილობრივი ჯიში სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა, ქვეყნის ან მხარის ბუნებრივ-სამეურნეო პირობებში შექმნილი და ხალასად მოშენებული ერთი ჯიშის ცხოველები.

ა. ჯ-ები მრავალწლიანი სელექციის შედეგია და ერის ისტორიისათვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ნივთიერი კულტურის სხვა ძეგლებს. ა. ჯ-ებისგან დღემდე მხოლოდ ისინი შემორჩნენ, რ-ებსაც კონკრეტულ პირობებში სხვა ქვეყნებიდან შემოყვანილ ჯიშებთან შედარებით უკეთესი ადაპტური, იმუნური ან პროდ. ნიშან-თვისებები აქვთ. საქართველო ხალხ. ა. ჯ-ების სიმრავლით გამოირჩევა, რაც ხალხ. სელექციის მაღალ დონეზე მიგვანიშნებს. შემორჩენილია მთის მსხვილი რქოსანი საქონლის 2 ენდემური ჯიში (ჯილაგი): ფშავ-ხევსურული და წითელი მეგრული.

ფშავ-ხევსურული ჯიშის საქონელი გავრცელებულია მთავარი კავკ. ფერდობების მოსახლეობაში. ეს ჯიში ასეულობით წლის მანძილზე ყალიბდებოდა ციცაბო ალპურ საძოვრებზე ძოვისა და ზამთარში მწირი კვების პირობებში გადარჩევისა და შერჩევის გზით. ტანად პატარაა (ფურის მასა 180–250 კგ). კარგად იყენებს მთის ციცაბო ფერდობების საძოვარს, ალპურ მდელოებზე ძოვისას სწრაფად სუქდება. გაუმჯობესებული კვების პირობებში იწველის 2500–3000 კგ რძეს, რ-ის ცხიმიანობაა 4 – 5% (ამ ჯიშის რეკორდსმენი „გუტა“ 4111 კგ რძეს იწველიდა, ცხიმიანობა 4,96%-ს შეადგენდა). მის შემდგომ მოშენებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთაში ტურისტული და სპორტ. ბაზების, აგრეთვე მაღალმთიანი კლიმ. თუ ბალნეოლ. კურორტებისა და ადგილ. მოსახლეობის უზრუნველსაყოფად მაღალხარისხოვანი და იაფი რძით.

წითელი მეგრული ჯიში გამოყვანილია XIX ს. ბოლოს – XX ს. დამდეგს მეგრელი მეჯოგეების - ძმები კვარაცხელიების მიერ. იგი საქართვ. ენდემია, კარგად იყენებს კოლხეთის ჭაობიანი ადგილების, მთის დამრეცი ფერდობების დაბალი კვებითი ღირებულების საძოვრებს. გამოირჩეოდა პიროპლაზმიდოზების მიმართ რეზისტენტობით. კარგად იტანს მომთაბარეობას. დას. საქართველოში ცნობილია როგორც კარგი მუშა ხარი და რძეღალიანი ჯიში. გაუმჯობესებული კვების პირობებში 2000 კგ მაღალცხიმიან (4–5,5%) რძეს იწველის. ფურის ცოცხალი მასაა 250–280 კგ. ამ ჯიშის შემდგომი მოშენება მიზანშეწონილია ბუნებრივი რესურსების სრულად ათვისებისათვის.

ცხვრის ა. ჯ-ებიდან ყურადღებას იქცევს იმერული ცხვარი. იგი საქართვ. ენდემია. გავრცელებულია დას. საქართველოში. კარგად მრავლდება. გამოყვანილია საკარმიდამო მეურნეობების პირობებში ხალხ. სელექციის გზით. მრავალნაყოფიერია, ტანად პატარაა, ნერბის მასაა 28 კგ, იძლევა მცირე რაოდენობის მაგარ, კარგი ხარისხის მბზინვარე მატყლს. ადრემწიფადია, 11–14 თვისა 1–3 და ზოგჯერ მეტ ბატკანსაც იგებს. წელიწადში 2-ჯერ დოლდება და თაობათა სწრაფი ბრუნვა ახასიათებს. გემრიელი ხორცი აქვს. ამიტომ საუკეთესოა ბატკნის ხორცის უწყვეტი წარმოებისათვის გენეტ. თვისებების გასაუმჯობესებლად. თუშური ცხვარი გამოყვანილია აღმ. საქართვ. მომთაბარე მეცხვარეობის პირობებში. ნერბის მასაა 40–41 კგ, აქვს თეთრი, მაღალხარისხოვანი სახალიჩე მატყლი და გემრიელი ხორცი. ფართოდ იყენებენ ამიერკავკ. და ჩრდ. კავკ. ცხვრის სხვადასხვა ჯიშის გასაუმჯობესებლად. მეგრული თხის ორივე ჯიში დას. საქართველოშია გამოყვანილი. ამათგან საუკეთესოა ბარის მოკლებალნიანი თხა, რ-ის ნეზვის მასაა 37 – 38 კგ, საშ. წლ. მონაწველი 200–300 კგ. ცალკეული ინდივიდებისა – 600 კგ-ზე მეტი.

ა. ჯ. არის კახური ღორიც. ტანად პატარაა, დაბალნაყოფიერი, გვიანმწიფადი, აქვს გამორჩეულად გემრიელი ხორცი. კარგად იტანს მოვლა-პატრონობის მდარე პირობებს, შორ მანძილზე გადარეკვას. კარგად ითვისებს ტყის ნაყოფთა ნაყარს, ხელს უწყობს ტყის ნიადაგის აერაციას, ანადგურებს მიწაში ბინადარ მავნებლებს.

ქართული ცხენის 2 ენდემური ჯიშია შემორჩენილი – თუშური და მეგრული. ორივე სახედარი და სასაპალნე ცხენია, ტანმორჩილი, კარგად არიან შეგუებული ციცაბო კლდეებზე ტვირთის ზიდვას. იყენებენ სპორტ. თამაშებში.

აღსანიშნავია აგრეთვე მთის რუხი ქართული ფუტკარი, რ-იც დადებით ნიშან-თვისებათა კომპლექსით ყველაზე პოპულარულია კავკასიაში.


მ. რჩეულიშვილი