ანდრონიკაშვილი რევაზ პაპუნას ძე

ანდრონიკაშვილი რევაზ პაპუნას ძე, XVIII ს. II ნახ. პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქიზიყის მოურავი, ანდრონიკაშვილთა საგვარეულოს ძირითადი (ქიზიყში დაწინაურებული) ხაზის გვერდითი შტოს წარმომადგენელი.

მამულები ჰქონია სოფ. ზიარში, ფხოველში, მელაანში, ბაკურციხეში და ა. შ. 1766 გიორგი ერეკლეს ძე (შემდეგში გიორგი XII) დაქორწინდა ა-ის დაზე, ქეთევანზე (იხ. ანდრონიკაშვილი ქეთევან), რამაც ა-ის პოზიციები მეტად გაამყარა. ა-მა თავი გამოიჩინა ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. სასტიკად დაამარცხა ისინი 1770, 1773, 1775.

დაუპირისპირდა სასახლის კარზე ფეოდალთა იმ ჯგუფს, რ-საც სათავეში ედგა დედოფალი დარეჯანი. 1780 დარეჯანის ინიციატივით ა-ს ჩამოართვეს ქიზიყის მოურავობა და დაუბრუნეს ერეკლე II-ის სიძეს ზაქარიას. ა. აქტიურად იბრძოდა ტახტზე თავისი სიძის გიორგის ასაყვანად. არსებობს ეჭვი, რომ მან რამდენჯერმე მოაწყო შეთქმულება დარეჯან დედოფლის გავლენის სალიკვიდაციოდ. შესაძლებელია იგი მონაწილეობდა 1781 წ. 18 თებ. ლევან ბატონიშვილის მკვლელობაში.

1795 კრწანისის ბრძოლის წინ ა-მა გზიდან უკან გააბრუნა ერეკლე II-ის დასახმარებლად გამოგზავნილი 2000 (ზოგი ცნობით 200) ქიზიყელი, რამაც ბრძოლის შედეგზე არსებითი გავლენა იქონია. ამის გამო მან ერეკლე II-ის რისხვა დაიმსახურა. 1800 გიორგი XII-მ ა-ს კვლავ დაუბრუნა ქიზიყის მოურავობა.

ა. როგავა