„დიდება“

„დიდება“, ხატის, ღვთაების სადიდებელი სიმღერა-გალობა, ხშირად ასრულებენ ფერხულთან ერთად საეკლ. დღესასწაულებზე, სახ. დღეობებში (ალავერდობა, კვირიკობა, მარიამობა, თეთრი გიორგობა, იახსარობა, ლაშარობა, კოპალობა, პირქუშობა).

სიმღერა-გალობას ასრულებდა როგორც ვაჟთა, ისე ქალთა ორ-სამხმიანი გუნდი (ანტიფონურად). განსაკუთრებით დამახასიათებელია აღმ. საქართველოსათვის.

დ. ერქვა აგრეთვე თეთრი გიორგის სადიდებელ ძველთაძველ, პანტომიმური ხასიათის ქალთა ფერხულს, რ-იც ხშირად ერთვოდა გუნდურ სიმღერა-გალობას. გავრცელებული რელიგ. რიტუალი იყო დ-ზე სიარული. გამუდმებული გვალვის ან ავდრის დროს ფეხშიშველა ქალები კარდაკარ დადიოდნენ, „დ-ს" გალობდნენ და ამინდის ღვთაებას ლაზარეს (იხ. ლაზარობა) გვალვაში წვიმას შესთხოვდნენ, ავდარში – გამოდარებას. შეგროვილი თანხით ნაყიდ „საღვთოს" კი ელიას სწირავდნენ იმ იმედით, რომ იგი მათ თხოვნას შეისმენდა.

ლიტ.: ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1, თბ., 1972; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960; А р а к ч и е в Д. И., Краткий очерк развития грузинской карталино-кахетинской народной песни ..., М., 1905.

გ  ჩხიკვაძე

ლ. გვარამაძე