დიდგორი

დიდგორი, სოფელი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში (ვაკე-საბურთალოს რ-ნი), მდ. დიღმისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში, საწკეპელას ქედის სამხრ.-აღმ. კალთაზე. ზ. დ. 900 მ.

1069 მეფე ბაგრატ IV დ-ში დაბანაკდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოში შემოჭრილ განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებს. ბაგრატ IV-მ მტრის წინააღმდეგ გაგზავნა მესხთა რჩეული ლაშქარი.

ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონის 30-ათასიანი ლაშქარი. XVII–XVIII სს-ში დ. ლეკთა მარბიელი ლაშქრობების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად იქცა.

1729 ქართვ. მეთოფეთა ლაშქარი დ-ის კოშკში ჩაუსაფრდა დიდგორ–გელიყარა–სამადლოს გზით ჯავახეთში გადასულ ლეკთა მარბიელ რაზმებს, უკან მობრუნებული მტერი ქართვ. მეთოფეებმა გაანადგურეს და ნადავლი დაატოვებინეს.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, 4, თბ., 1955, 1973.

კ. კახაძე