დიატომიტი

დიატომიტი,  ი ზ ე ლ გ უ რ ი, ი ნ ფ უ ზ ო რ ი უ ლ ი მ ი წ ა, თეთრი, ღია ნაცრისფერი, მოყვითალო ან მომწვანო, ცარცისმაგვარი, ფოროვანი მსუბუქი დანალექი ქანი.

უმთავრესად შედგება ოპალისაგან (SiO2•nH2O), შეიცავს აგრეთვე კვარცის, გლაუკონიტის და თიხის მინარევებს. წარმოიქმნება ზღვებსა და ტბებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან.

დ-ს ახასიათებს დიდი ფორიანობა (50–90%),SiO2- ის მაღალი შემცველობა (60–95%), მცირე სიმკვრივე (350–950 კგ /მ³), დაბალი ბგერაგამტარობა.

იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად (კვებისა და ნავთობქიმ. მრეწველობაში), შემვსებად (საფეიქრო, ქაღალდისა და რეზინის წარმოებაში), აბრაზიულ და საშენ მასალად. რეკომენდებულია დ-ის გამოყენება სასუქების წარმოებაში.

საქართველოში სამრეწვ. მნიშვნელობა აქვს ქისათიბის დიატომიტის საბადოს.

გ. მაჩაბელი