დეკანოსიძე თამარ ივანეს ასული

დეკანოსიძე თამარ ივანეს ასული (3. XI. 1922, ხარაგაული, – 23. VII. 2008, თბილისი), პათოლოგანატომი. საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1983), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრი (1973). მედ. მეცნ. დოქტორი (1964), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976).

1943 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (თსსი); 1943–69 იყო ამავე ინ-ტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი, 1969–73 – ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრის გამგე; 1973–96 – პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე; 1943–90 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა დაწესებულებების პროზექტორად.

1980–2000 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. პათოლოგანატომი, 1984–99 – საქართვ. პათოლოგანატომთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. მონაწილეობდა თბილისში 1989 წ. 9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში.

დ-ის სამეცნ. შრომები ეხება საქართველოში სექციური მასალის ანალიზს ნოზოლოგიური პროფილის დადგენის მიზნით, ნერვულქსოვილოვან ურთიერთობებს ნორმალური და პათოლ. ზრდის პირობებში გეროგენული ცვლილებების მორფოლ. საფუძვლებს, სამედ.-ბიოლ. პროცესების შეფასების აუცილებლობას სინერგეტიკის პოზიციებიდან (მოლეკულური ბიოლოგია, ბიოფიზიკა).

დ-ს გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია, მ. შ. „შეგუებისა და კომპენსაციური პროცესების მორფოფუნქციური საფუძვლები" (მიენიჭა ი. თარხნიშვილის სახ. პრემია, 1962). მის სახელს უკავშირდება საქართველოში პათოლოგიური ანატომიის სამსახურის (1968), ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის სწავლების (1969), პათოლოგიური ანატომიის სწავლების რეორგანიზაცია (1973), იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სარედაქციო საბჭოს და ჟურნ. „Архив патологии"-ს რედ. კოლეგიის წევრი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (2002).