დევდარიანი კლავდია მანუილის ასული

კ. დევდარიანი

დევდარიანი კლავდია მანუილის ასული, [20. IX. 1910, სოფ. მირონწმინდა (ახლანდ. წითელხევი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 21. III. 2003, თბილისი], მწერალი. საქართვ. დამს. მასწავლებელი (1970).

დაამთავრა ქუთ. ქალთა სასწავლებელი (1926), შემდეგ თსუ-ის ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1930). სხვადასხვა დროს მუშაობდა ხარაგაულში – მასწავლებლად, თბილისში – საქართვ. მწერალთა კავშირში (საბავშვო სექციის მდივანი), საქართვ. განათლების სამინისტროში, მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში (სამხატვრო საბჭოს წევრი).

1932- იდან თანამშრომლობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებთან; 1934 ჟურნ. „პიონერში" გამოაქვეყნა პირველი საბავშვო მოთხრობა „აღარ დაბრუნდა". საბავშვო მოთხრობების კრებ. „ნიას ქოჩორა" 1941 გამოსცა. დ-ს ეკუთვნის: „მოთხრობები" (1950), „დიდ გზაზე" (1951); ბიოგრ. რომანები: „სიჭაბუკე პოეტისა" (1957; ცალკე წიგნად, 1960), „სიცოცხლე და უკვდავება" (1964, 1988), „ყმაწვილკაცობა მემატიანისა" (1980); რომანები: „ძველი ფუძე" (1966), „ორი რომანი" (1988); მოთხრობა „დრო და სივრცე" (1970, 1975, 1989); მხატვრული ნარკვევი „ცრემლი ვაზისა" (1988); პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე" (დაიდგა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში 1970) და სხვ.

დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახ. მედლით (1970), შიო მღვიმელის სახ. პრემიით (1989), ღირსების ორდენით (1999).