დაუშვილი კონსტანტინე დავითის ძე

 

კ. დაუშვილი

დაუშვილი კონსტანტინე (კოტე) დავითის ძე [6 (19). III. 1909, ბაქო, – 6. VII. 1980, თბილისი], მსახიობი. საქართვ. (1958) და სომხ. (1979) სახ. არტისტი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1927-იდან. 1928–30 მუშაობდა თბილ. წითელი არმიისა და ნაძალადევის თეატრებში, 1934–35 იყო ბაქოს ქართ. თეატრის, 1935–38 – თბილ. კინოსტუდიის, 1930–34 და 1942–59 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი (კ. კალაძის „როგორ"), კვეჟენაძე (შ. დადიანის „კაკალ გულში"), გოდუნი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), იაგო (უ. შექსპირის „ოტელო"), კნუროვი (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), ჯიბილო (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება"), გიჟუა (ა. ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ?!"), კოხტა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ზაალ ერისთავი (უ. ჩხეიძის "გიორგი სააკაძე"), პაატა ბატონიშვილი (ლ. გოთუას "მეფე ერეკლე"), სოლეიმანხანი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი") და სხვ. კინოში შესრულებული აქვს ასამდე როლი, მ. შ.: კოტე („უდაბნო", 1932), მღვდელი ტრიფილი („გიორგი სააკაძე", 1942–43), სელიმ-ხანი („ბაში-აჩუკი", 1956), პაპა გიგია („პაპა გიგია", 1960), მგელიკა ზვიადაური („ხევსურული ბალადა", 1965), ზვიადა („შეხვედრა მთაში", 1966), მღვდელი გერმოგინი („არ იდარდო!", 1969), გოლა („ბებერი მეზურნეები", 1973), ციციკორე („ნატვრის ხე", 1976). დ. გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო კულტურით და ოსტატობით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ა. გვენცაძე