დავით VI, (ერისკაცობაში – ხარიტონ ჯიბოს ძე დ ე ვ დ ა რ ი ა ნ ი) (24. III. 1903, სოფ. მირონწმინდა, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 9. X. 1977, თბილისი. დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1972–77).
პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოფ. სარგვეშის არასრულ სკოლაში. სწავლა განაგრძო ჭიათურის მღვიმევის დედათა მინასტერში. 1918 ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ანტონის ლოცვა-კურთხევით განაწესეს სოფ. მირონწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მედავითნედ.
1927 აკურთხეს საჩხერის ფერისცვალების ტაძრის მთავარ დიაკვნად, იმავე წელს – მღვდლად და განაწესეს სარგვეშის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1930-იდან ღვთისმსახურებას ეწეოდა თბილ. სიონის საპატრიარქო ტაძარში, 1932–45 – ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში, 1945–47 – წმინდა ნინოს ეკლესიაში, შემდეგ ისევ ქაშვეთის ტაძარში.
1956 ბერად აღიკვეცა და აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის პატივში. იმავე წელს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს ხელდასმულ იქნა ეპისკოპოსად და ჩაბარდა მარგვეთისა და ურბნისის ეპარქია, 1959 წელს კი დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.
საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის გარდაცვალების შემდეგ მან უარი განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრეობაზე. 1962 წ. 12 თებერვალს იგი აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში, ხოლო 1972 წ. 1 ივნისს საქართველოს მე-11 საეკლესიო კრებამ საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია შედგა 2 ივლისს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
დ. VI-ს მიღებული აქვს საეკლესიო ჯილდოები: სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება, წმ. ნინოს ორდენი, მთავარმოწამე გიორგის I ხარისხის ორდენი, მეორე პანაღეა პედ. მოღვაწეობისათვის.
ე. ბუბულაშვილი