დაჩი

დაჩი უ ჯ ა რ მ ე ლ ი, ქართლის მეფე VI ს. დამდეგს, ვახტანგ I გორგასალის ძე.

იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია ამ ზედწოდებით. ჯუანშერის ცნობით, დ-მ დაასრულა ვახტანგ გორგასლის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და მამის ანდერძის თანახმად, სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა, მცხეთა დარჩა საკათოლიკოსო ცენტრად.

მის დროს თბილისში მოსახლეობა მომრავლდა, აშენდა მარიამწმიდის ეკლესია (იხ. სტ. ანჩისხატი).

წყარო: მოქცევაჲქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლ. ფარცხალაძე