დემეტრაძე ნიკოლოზ ივანეს ძე [6 (18). XII. 1888, სოფ. წითელი ხევი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპალიტეტი, – 7. IV. 1954, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937).
1919 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1924–29 მუშაობდა თბილ. სხვადასხვა საავადმყოფოში ქირურგად. 1937–47 იყო თბილ. სამედ. ინ-ტის (ახლანდ. უნ-ტი) ტოპოგრ. ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის პროფესორი, 1947-იდან გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის გამგე.
წლების მანძილზე იყო სამედ. ინ-ტის სანჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი. დ. იკვლევდა ოპერაციული ქირურგიის და ტოპოგრ. ანატომიის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ბარძაყის არხის თიაქარკვეთის ანატ. საფუძვლები, ნერვებისა და სისხლძარღვების ცვალებადობა, ოსტეომიელიტის მკურნალობა, კანის პლასტიკა და სხვ.
თხზ.: ტოპოგრაფიული ანატომიის სახელმძღვანელო, ნაწ. 1–2, თბ., 1942–47; ოპერაციული ქირურგიის სახელმძღვანელო, თბ., 1947; მუცლის ღრუს ოპერაციული ქირურგია, თბ., 1951; ტოპოგრაფიული ანატომია (სახელმძღვანელო სამედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის), გამოც. მე-2, თბ., 1968.