დუნდუა გიორგი თევდორეს ძე (დ. 12. VII. 1932, თბილისი), ისტორიკოსი, ნუმიზმატი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1996).
1957 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1958–68 მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ-ბაში, 1968-იდან – ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში, შემდეგ – არქეოლ. კვლევის ცენტრში.
დ. კითხულობს ლექციების კურსს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. იკვლევს ანტ. და ფეოდ. ხანის ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ნუმიზმატიკის დარგში ქართ., რუს., გერმ., ფრანგ., ინგლ. ენებზე.
თხზ.: სამონეტო მიმოქცევის საკითხებისათვის XV საუკუნის საქართველოში, თბ., 1964; სამონეტო მიმოქცევა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი ბიჭვინთაში ძვ. წ. II – ახ. წ. IV სს., წგ.: დიდი პიტიუნტი, [წგ.] 1, თბ., 1975; საქართველოს სამონეტო განძები, თბ., 1979; ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 2006 (თანაავტ. თ. დუნდუა); ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009 (თანაავტ. ირ. ჯალაღანია); Денежное обращение центральной Колхиды в V–I вв. до н. э., Тб., 1983 (თანაავტ. Г. Лордкипанидзе); Нумизматика античной Грузии, Тб., 1987.