დრამა

დრამა, (ბერძნ. drama), ლიტერატურული ნაწარმოების გვარი (შდრ. ეპოსი, ლირიკა), რ-ის თავისებურებაა სინამდვილის მხატვრული ასახვა უშუალო მოქმედებით, დიალოგისა და მონოლოგის ფორმით. დ-ს საფუძვლად უდევს მძაფრი ცხოვრებისეული კონფლიქტი, რ-ის გარშემო კონცენტრირებულია მთელი მოქმედება. იგი იყოფა ჟანრებად (კომედია, ტრაგედია, საკუთრივ დ., ვოდევილი, ფარსი და სხვ.). დ. ვიწრო გაგებით დრამ. გვარის ერთ-ერთი ჟანრია. ტერმინი „დ." დღეს ფართოდ იხმარება „დრამატურგიის" გაგებით.

ქართული დ-ის გენეზისი უკავშირდება ქართ. თეატრის ხალხ. საწყისებს, თეატრ.-სანახაობით ტრადიციებს, რ-თა ფესვები შორეულ წარსულშია. ქართ. ლიტ-რაში დრამატურგია XVIII ს. მიწურულს გაჩნდა. ამ დროს თბილისსა და თელავში იმართებოდა კერძო წარმოდგენები, ჩამოყალიბდა ე. წ. „ირაკლის თეატრი" – სასახლის თეატრი, რ-ის რეპერტუარშიც, უცხ. პიესებთან ერთად, უნდა ყოფილიყო ორიგინ. დრამ. თხზულებანიც.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ე. წ. „სასკოლო დრამებმა". ეროვნ. დრამატურგიის ინტენს. განვითარება ფაქტობრივად XIX ს. II ნახ-იდან დაიწყო. ქართ. დრამატურგიის განვითარების ახ. ეტაპია XIX ს. 40–50-იანი წლები. თარგმნილ დრამ. ნაწარმოებთა გვერდით 40-იან წლებში შეიქმნა ორიგინ. პიესები, რ-ებიც უფრო საკითხავი დ-ის სახით გავრცელდა, რადგანაც ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ არსებობდა ქართ. პროფ. თეატრი, მაგრამ უკვე აშკარად მზადდებოდა ნიადაგი მის დასაარსებლად.

ამ პერიოდში ვითარდებოდა კომედიური ჟანრები (ო. წერეთლის, გ. ავალიშვილის, ა. თუმანიშვილისა და სხვათა პიესები), რ-ებშიც დომინირებს გარეგანი კომიკური ეფექტი. რაც შეეხება ტრაგედიასა და საკუთრივ დ-ს, მათი ნიმუშები გაცილებით იშვიათად გვხვდება. ამ მხრივ გამოირჩევა ო. ბაგრატიონის რომანტ. დრამა „ვეფხისტყაოსანი", ა. ორბელიანის ისტ. დრამა „დავით აღმაშენებელი ანუ უკანასკნელი ჟამი საქართველოში", თ. ბაგრატიონის „სამსახეობა რაინდისა" და სხვ.

პოეტიკის თვალსაზრისით, ეროვნ. დ-ის პირველი ცდები არსებითად კლასიცისტურ პრინციპებს იცავდა. ეს განპირობებული იყო იმ ცხოველი ინტერესით, რასაც მაშინდელი ქართვ. დრამატურგები იჩენდნენ დას. ევროპისა და რუს. კლასიცისტური დრამ. მწერლობის, კერძოდ, კორნელის, რასინის, სუმაროკოვის, ხერასკოვისა და სხვ. მიმართ, თუმცა იმდროინდელ ქართ. დ-ში შეინიშნებოდა ამ პრინციპებიდან გადახვევის მაგალითებიც (ეს უმთავრესად შეეხება ადგილისა და დროის რეგლამენტაციის საკითხებს). ქართ. დრამატურგიის წამყვანი ჟანრი იმთავითვე გახდა კომედია.

აღსანიშნავია გ. ერისთავის კომედიები: „გაყრა", „დავა", „ძუნწი"; ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში" და სხვ. გ. ერისთავმა არამარტო საფუძველი ჩაუყარა ორიგინ. კომედიოგრაფიას, არამედ შექმნა მისი მდიდარი ტრადიციებიც, რამაც განაპირობა XIX ს. ქართ. მწერლობაში ამ ჟანრის შემდგომი განვითარება და რამაც ახლებური გამოხატულება პოვა ა. ცაგარლის შემოქმედებაში („ხანუმა", „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ").

60-იანი წწ. დასაწყისში ქართ. დ. ძირითადად ძვ. ჩარჩოებში ვითარდებოდა. შემდეგ მასში ჭარბად შეიჭრა რეალისტური ნაკადი (ა. ორბელიანის „ჟამნი მეფობენ", ბ. ჯორჯაძის „შური" და სხვ.), რაც გამოვლინდა მაშინდელი ყოფის ასახვით. 60-იანი წლებისათვის აღმავლობა განიცადა ლირიკულმა და ეპიკურმა ჟანრებმა. დრამ. ჟანრები, კერძოდ, საკუთრივ დ. და ტრაგედია, აშკარად ჩამორჩა ლიტ-რის საერთო განვითარებას. დ-ის ახ. სახეობის შექმნა პირველად ი. ჭავჭავაძემ სცადა. სიახლის ერთ-ერთი მანიშნებელი იყო დ-ში პოლიტ. პათოსის გაძლიერება, სოც. მდგომარეობის წინა პლანზე წამოწევა და თანამედროვე პრობლემატიკის გაბედულად შემოტანა.

80-იანი წლებიდან კომედიების ერთ ნაწილში (ფრანგული კომედიოგრაფიის გავლენით) შეინიშნება მამხილებელი პათოსის შესუსტება. ფართო ასპარეზი დაიკავა ვოდევილებმა (რ. ერისთავის ვოდევილები, მ. ჯაფარიძის „ეჭვიანი ქმრები", ა. მეიფარიანის „ქმრები გავაბათ მახეში", ი. კერესელიძის „მკითხაობა ტფილისში" და „ნება მიბოძეთ", დ. კასრაძის „იმერლების ახალი წელი" და სხვ.). ამავე პერიოდში, კომედიასთან ერთად, შეიქმნა ორიგინ. დ-ის ნიმუშები. ამ მხრივ გამოირჩევა ა. ყაზბეგის „არსენა" და „კონსტანტინე ბატონიშვილი"; ა. წერეთლის „პატარა კახი" და „ თამარ ცბიერი"; გ. ე. წერეთლის „ოჯახის ასული"; დ. გ. ერისთავის „სამშობლო"; ა. ცაგარლის „მათიკო" და სხვ.

საუკუნის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვაჟა-ფშაველას ტრაგედია „მოკვეთილი", რ-იც ზოგადადამიანურ კონფლიქტზეა აგებული. აღსანიშნავია აგრეთვე დ. კლდიაშვილის ფსიქოლ. დრამები: „უბედურება" და „ირინეს ბედნიერება". XX ს. დასაწყისში ქართ. დრამატურგია ერთხანს ჩიხში მოექცა. ახ. ისტ. პროცესებს დრამატურგებმა თავდაპირველად ალღო ვერ აუღეს, რის გამოც ხელახლა ამუშავებდნენ ძვ. თემებსა და პრობლემებს, ინტენსიურად თარგმნიდნენ დას. ევრ. დრამატურგთა ნაწარმოებებს. შემდეგ საზ. და პოლიტ. პროცესებით დაინტერესდნენ შ. დადიანი, ტ. რამიშვილი, ნ. შიუკაშვილი, დ. ნახუცრიშვილი, ი. კ. გედევანიშვილი და სხვ. მწერლები.

გარკვეული სიახლე იყო ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია", როგორც ექსპრესიონისტული დ-ის შექმნის ცდა. თემატურ-მხატვრული ღირებულებით საინტერესოა შ. დადიანის კომედიები: „შენი ჭირიმე" და „გუშინდელნი". 20-იან წლებში ახ. კომედიის შექმნის პირველი სერიოზული მცდელობა იყო შ. დადიანის „კაკალ გულში". თანდათან გამოიკვეთა განვითარების ახ. ხაზი, რაც სატირული ნაკადის მტკიცე დაფუძნებით გამოიხატა. ამ ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევა პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი", რ-მაც საგრძნობლად აამაღლა ქართ. კომედიის დონე. მისი შემოქმედება სრულიად ახ. ეტაპია ქართ. დრამატურგიის ისტორიაში. მოგვიანებით დაიწერა მისივე „კახაბერის ხმალი", „კოლმეურნის ქორწინება", კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია", ვ. პატარაიას „სანაპიროზე", ი. ვაკელის „საქმიანი კაცი", რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი", კ. გოგიაშვილის „ვიღაცამ დარეკა" და სხვ. დ-ის, როგორც ჟანრის, განვითარების ტემპი XX ს. 20-იანი წწ.-იდან შესუსტდა, საგრძნობი გახდა ექსპრესიონიზმით გატაცება (გ. რობაქიძე, ს. შანშიაშვილი), თუმცა ძირითადად მაინც რეალისტური ნაკადი ვითარდებოდა, რაც 20-იანი წწ. II ნახევრიდან კიდევ უფრო განმტკიცდა.

რეალისტური დ-ის განვითარებაში ამ დროისათვის აშკარად გამოიყო ორი ეტაპი: პირველი ეტაპის დ. უმთავრესად აგებულია ან ისტ. წარსულის თემაზე (ს. შანშიაშვილის „სპარტაკი", ტ. რამიშვილის „ფრთამოტეხილი ყორანი", ი. მჭედლიშვილის „ალექსანდრე ბატონიშვილი" და სხვ.), ან ოჯახური ყოფის ყოველდღიურ წვრილმანებზე. თვალში საცემია თემატურ-სიუჟეტური მრავალფეროვნება და კომპოზიციურ-მხატვრული სიახლე. იმდროინდელი მძაფრი სოც. პრობლემატიკითაა აღსავსე გ. ბააზოვის „დილლეამარი", ნ. შიუკაშვილის „დირექტორი სურმაძე", დ.ჩიანელის „ბაილი", დ. შენგელაიას „თეთრები", კ. კალაძის „ხატიჯე" და სხვ.

თანამედროვე ტრაგედიის შექმნის პირველი ცდაა შ. დადიანის „თეთნულდი" (1931). 30-იანი წწ. დ-ში კიდევ უფრო აქტიურადაა წარმოდგენილი თანამედროვეობის თემატიკა (ა. მირცხულავას „განგაში", პ. სამსონიძის „სალტე", ი. ვაკელის „შური", გ. ბერძენიშვილის „ჩვენი მიწა" და სხვ.), ყურადღების გარეშე არც ისტ. თემატიკა დარჩენილა (ს. შანშიაშვილის „არსენა", ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე", ვ. დარასელის „კიკვიძე"). მეორე მსოფლიო ომის წლებში წამყვანი ადგილი დაიკავა ჰეროიკულმა დ-მ (ი. მოსაშვილის „სადგურის უფროსი", ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები", ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი", გ. მდივნის „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ", გ. შატბერაშვილის „რკინის პერანგი", ლ. გოთუას „მეფე ერეკლე", ა. სამსონიას „ბაგრატიონი" და სხვ.).

ომის შემდეგ დ. ძირითადად მშვიდობიანი ცხოვრების თემებს ასახავს (პ. კაკაბაძის „შეხვედრა მშენებლობაზე", მ. მრევლიშვილის „ხარატაანთ კერა", „ზვავი", თ. დონჟაშვილის „ახალი ქართლი", ვ. პატარაიას „უჩა უჩარდია", კ. კალაძის „ლალი" და სხვ.). მომდევნო წლების პიესებში ჭარბადაა გამოყენებული პირობით-გროტესკული ხერხები (გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა"), ასევე ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანის ფსიქოლ. მდგომარეობა: კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა", ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი", ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი პიესები: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", „მე ვხედავ მზეს", „საბრალდებო დასკვნა", ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში", „იეთიმ გურჯი", გ. ხუხაშვილის „ზღვის შვილები", ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება", „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", თ. ჭილაძის „ბუდე მეცხრე სართულზე", „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", რ. ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია", ო. ჩხეიძის „ვისია, ვისი?", მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა", გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი", ა. ჩხაიძის „დღის წესრიგშია ერთი საკითხი", ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში", ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი", „მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი", რკლდიაშვილის „საპოვნელა", „იადონას თეატრი", ლ. როსებას „პროვინციული ამბავი", შ. შამანაძის „ღია შუშაბანდი".

XX ს. ბოლოს ქართ. მწერლობას შეემატა დრამატურგთა ახ. თაობა, რ-თაგან გამოირჩევიან დ. ტურაშვილი, ლ. ბუღაძე, ბ. ჯანიკაშვილი, მ. დოიაშვილი და სხვ. ისინი თავიანთი შემოქმედებით ხელს უწყობენ ეროვნ. დრამატურგიის განვითარებას.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი მ., ძველი ქართული თეატრი, ქუთ., 1925; გ ა ჩ ე ჩ ი ლ ა ძ ე ა., ნარკვევები XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, [ნაწ.] 1–2, თბ., 1957–63; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958; ც ი ც ი შ ვ ი ლ ი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962.

გ. ლომიძე