დალი

დალი, ქართული მითოლოგიური პერსონაჟი; ნადირობის ქალღვთაება, ნადირთ პატრონი.

მიეწერებოდა „წმინდა" ნადირთა (ჯიხვი, არჩვი, ირემი და სხვ.) გამრავლებისა და მფარველობის ფუნქცია, დახოცილი ნადირის აღდგენა- გაცოცხლების უნარი; შეეძლო მონადირისათვის ხელის მომართვაც და ზიანის მიყენებაც. მისი სამიჯნურო კავშირი რჩეულ მონადირეებთან, რაც მონადირეთა ღალატის შემთხვევაში მათი დაღუპვით მთავრდებოდა, ხელს უწყობდა ნადირთა ნაყოფიერება-გამრავლებას და მონადირის წარმატებას უზრუნველყოფდა.

რწმენა-წარმოდგენები დ-ის შესახებ განსაკუთრებით ცოცხლად იყო შემონახული სვანურ მითებში, რ-თა მიხედვით იგი ოქროსთმიანი ქალის სახით მიუვალ კლდეებში ბინადრობს. სვანთა წარმოდგენით, არსებობს როგორც ერთი ღვთაება დ., ისე მრავალი დ., რ-თაც იგივე ფუნქცია აკისრიათ.

დ-ის კულტი გავრცელებული იყო კავკ. სხვა ხალხებშიც. ვეინახების უმაღლეს ღვთაებას, საერთოდ ღმერთს, საკულტო ობიექტს თუ მის სამლოცველოს „დელა", „დესლა" ანუ „დსალი" ეწოდებოდა. ვარაუდობენ, რომ რელიგიის განვითარების ასტრალურ საფეხურზე დ. მთიებს, კერძოდ, ცისკრის ვარსკვლავს დაუკავშირდა.

დ-ის სახე გვხვდება ქართ. ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრში. ქართულ ფოლკლორისტიკაში არსებობს მოსაზრება, რომ დ. მატრიარქატის ეპოქის ღვთაება იყო, შემდეგ კი ბოროტი ალის თვისებები შეიძინა.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953; ვირსალაძე ე., ქართული სამონადირეო ეპოსი, თბ., 1964; სურგულაძე ი., ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, თბ., 1986.

თ. ოჩიაური