დავით მიტროპოლიტი

დავით მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ექვთიმე ოქროპირის ძე კ ა ჭ ა ხ ი ძ ე) (15. X. 1872 – 19. III. 1935, ქუთაისი), სასულიერო მოღვაწე.

დაამთავრა სამეგრელოს სას. სასწავლებელი და თბილისის სას. სემინარია, 1899 – ყაზანის სას. აკადემია. იმავე წელს დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლების ინსპექტორად. 1900–02 თელავისა და სამეგრელოს სას. სასწავლებლების ზედამხედველი იყო.

1903-იდან მოღვაწეობდა რუსეთში, იყო ვიტებსკისა და დონის სას. სემინარიების რექტორი. 1907 საქართველოში დაბრუნდა, ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად. აქტიურად იბრძოდა საქართვ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ამის გამო იგი 1912 გადააყენეს, დანიშნეს თავდაპირველად პიატიგორსკის, 1914-იდან კი ვინიცის ეპისკოპოსად.

1917, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა. 1917 წ. 17 სექტ. საქართვ. ეკლესიის პირველმა საეკლ. კრებამ დ. მ. ურბნისის ეპისკოპოსად დაადგინა, არჩეულ იქნა საკათოლიკოსო საბჭოს წევრად.

1921–35 იყო ჭყონდიდის, ბათუმ-შემოქმედის, ქუთაის-გაენათის მმართველი.

1926 აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში.

მისი შრომებიდან აღსანიშნავია „К вопросу об автокефалии Иверской церкви“ (1912).

ლიტ.: ჟ ვ ა ნ ი ა ზ., საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნი და მღვდელმთავარნი 1917 წლიდან, ქუთ., 1994.

ე. ბუბულაშვილი