დავითი (ღამბაშიძე)

დავითი (ღ ა მ ბ ა შ ი ძ ე) [1842, ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი), – 21. XII. 1910, იქვე], დეკანოზი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი.

დაამთავრა ქუთ. სას. სასწავლებელი და თბილ. სას. სემინარია. იყო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) თანამებრძოლი. ზემო იმერეთის მოსახლეობა მას სიყვარულის ნიშნად „დიდ დეკანოზს" ეძახდა. 1883–1910 მისი რედაქტორობით დაბა ყვირილაში გამოდიოდა რუს. დამატებით (1886–1903) სას. ორკვირეული ჟურნ. „მწყემსი", რ-იც, სარწმუნოების განმტკიცებასთან ერთად, ხელს უწყობდა ეროვნ. თვითშეგნების ამაღლებას.

დ. იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ. როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუს. ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება. დ. პუბლიც. წერილებში იცავდა ავტოკეფალიაწართმეული საქართვ. ეკლესიის უფლებებს, პრაქტ. მოღვაწეობით კი ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის იბრძოდა. მის შრომებს შორის აღსანიშნავია „ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, თუ „რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება"?, „სახალხო სააქიმო წიგნი კარაბადინი" და სხვ.

ლიტ.: კ. გ-ლი [კონსტანტინე ა ნ თ ი ძ ე], დეკანოზი დავით ღამბაშიძე, «სახალხო გაზეთი», 1910, № 193; მიუდგომელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე, გაზ. «თემი», 1911, №4.

ე. ბუბულაშვილი