დროშა

კონსტანტინე მუხრანბატონის დროშის თავი XVIII ს. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

დროშა, ავესტურ ენაზე (ძვ. ირან.) – "სინათლე", "ნათელი", "თვალსაჩინო"], ერთი ან სხვადასხვა ფერის გარკვეული ზომის ქსოვილი, რ-ის ერთი მხარე ხის ტარზეა დამაგრებული. ჩვეულებრივ დროშაზე გამოსახულია რაიმე ემბლემა: სახელმწიფოს, ჯარის, კორპორაციის ან საკულტო სიმბოლო.

ამ მნიშვნელობით შევიდა ძვ. ირანულიდან ქართულში, ძვ. ინდურში, საშუალო ირანულში, სომხურსა და სირიულ ენებში. სავარაუდოა, რომ ქართ. ენაში ტერმინი "დ." აქემენიდური ირანის ხანაში შემოვიდა (ძვ. წ. VI–IV სს.), მაგრამ ქართ. წერილობით ძეგლებში ის მხოლოდ IX ს-იდან გვხვდება ("მოქცევაი ქართლისაი" და "ნინოს ცხოვრება").

დ-ის აღსანიშნავად ძვ. ქართ. წერილობით წყაროებში გვხვდება აგრეთვე "დრაუჟი", "ბაირაღი" და "ბავრაყი" ("ბაირაღისაგან" ნაწარმოები). "დრაუჟი" საშ. ირან. ტერმინია, პირველად გვხვდება XIII ს. წერილობით ძეგლებში, შემდგომ იგი ფართოდ გავრცელდა (ს.-ს. ორბელიანი მას განმარტავს როგორც დ-ის სინონიმს).

"ბაიარაღი" თურქ. ტერმინია, "ბავრაყთან" ერთად ქართ. ტექსტებში გვხვდება XVIII ს-იდან. დ-ის ტარს ძვ. ქართულში "ძელი" ან "ბუნი" (ირანულად – "ძირი", "საფუძველი") ერქვა, ტარზე შებმულ ტილოს – "ალამი" (არაბ.). ზოგჯერ "ალამი" დ-ის სინონიმადაც იხმარებოდა. ალამი ბუნს ან ლურსმნით ჰქონდა მიკრული, ან მიბმული იყო.

ქართ. დ-ის თავს უმთავრესად ჯვრის ან შუბისპირის ფორმა ჰქონდა, ზოგჯერ კი – ვაშლის. გვიანდ. შუა საუკუნეების ისტ. წყაროებში ძვ. ქართ. დ-ებზე არსებული ძუნწი ცნობები მცირე რაოდენობით შემოგვრჩა. სავარაუდოა, რომ საქართველოში დ. უკვე პირველყოფილი თემური წყობილების ხანაში გაჩნდა (სატომო, საკულტო დ-ები). რაც შეეხება დ-ის იერსახეს, მონაცემები მის შესახებ მხოლოდ XII–XIII სს-იდან გვაქვს. XII–XIII და მომდევნო საუკუნეების წყაროებიდან ჩანს, რომ შუა საუკუნეების საქართველოში სხვადასხვა დანიშნულების დები იყო: სახელმწ.- სამეფო (სეფედროშა საეკლ.-საკათოლიკოსო, სალაშქრო დანაყოფების (საქართველოს სამეფო, ხოლო XV ს-იდან ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოები, დაყოფილი იყო ოთხ სალაშქრო-ადმ. ერთეულად – ოთხ სადროშოდ. თითოეულ სადროშოს თავისი განსხვავებული დ. ჰქონდა), უფლისწულ-ბატონიშვილების, დედოფლის, მთავრების, დიდი მოხელეების (ამირსპასალარი, ერისთავები, სახლთუხუცესი, მოურავები...), დიდი ფეოდალების (დიდებულები, თავადები) დ-ები.

XI–XV სს-ში საქართველოს ჰქონდა ერთი სახელმწ. დ. – საქართველოს ერთიანი სამეფოს სიმბოლო, ხოლო XVI–XVIII სს- ში – უკვე რამდენიმე: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებისა და სამცხე-საათაბაგოს, ოდიშის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის (XVII ს-იდან) სამთავროების დები. ერთიანი საქართვ. სახელმწ. დ-ს ისტ. წყაროებში ეწოდება "გორგასლიანი და დავითიანი" ("ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"), აგრეთვე "ბაგრატოანური და უფროსღა გორგასლიანური" (იქვე). ქართ. დ-ის სახელწოდება, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანი საქართვ. დ. ვახტანგ გორგასლის დროინდელი იყო. რაც შეეხება "დავითიანს" და "ბაგრატოანურს", ი. ჯავახიშვილის აზრით, აქ იგულისხმებიან საქართვ. მეფეები ბაგრატ III და დავით აღმაშენებელი. თუმცა, შესაძლოა, მოიაზრებოდეს საქართვ. სამეფო დინასტიის წოდება "დავითიანბაგრატოვანი", რ-შიც აისახება გვარსახელი ("ბაგრატოვანი") და ბაგრატოანთა წარმომავლობა დავით ებრაელთა მეფისაგან ("დავითიანი"). საქართველოს სამეფო დ-ის იერსახისა და ფერის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა: ი. ჯავახიშვილი, XIII ს-ის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოზ ორბელიანის ცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ერთიანი საქართველოს სახელმწიფო დ-ის ბუნი თეთრი იყო, ხოლო ალამი – წითელი, შენახული ალმის მიხედვით – მუქი შინდისფერი.

სვანური დროშა „ლემი". ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი

სვანური დროშა „ლემი". ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისიშუა საუკუნეების პოლონელი მოგზაურის ი. კოტოვიჩის (კოტოვიუსის) ცნობით კი, საქართველოს დ-ის ალამზე გამოსახული ყოფილა წმ. გიორგი, დ-ის თავზე კი ჯვარი ჰქონია გაკეთებული (ი. ჯავახიშვილი, თხზ., ტ. 7, თბ., 1984, გვ. 160–161). თეიმურაზ ბატონიშვილის აზრითაც, საქართვ. დ-ზე წმ. გიორგი ყოფილა. ამასვე ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილის რუკებისათვის დართულ საქართვ. გერბზე წმ. გიორგის გამოსახვა. წმ. გიორგის დ-ს ქართვ. პილიგრიმებთან ადასტურებენ მარინო სანუდო (XIV ს.), ი. ფონ ჰილდესჰაიმი (XIV ს.), აგრეთვე ქვემო რაინული აღმოსავლეთის აღწერა.

არ არის გამორიცხული სხვადასხვა ქართ. დ-ზე გამოსახული ყოფილიყო იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, მთავარანგელოზი ან რომელიმე სხვა წმინდანი, როგორც ეს ზოგ გვიანდელი ხანის დ-ზე და გერბზეა წარმოდგენილი. სტეფანოს ორბელიანის ცნობით, საქართველოს ამირსპასალარის დ-ს ჰქონდა წითელი ალამი, რ-ზეც გამოსახული იყო თეთრი ნიშანი, ამ პერიოდის (XI–XV სს.) ალმის ფორმაზე ცნობები არაა შემორჩენილი.

გვიანდ. ანალოგიის მიხედვით სავარაუდოა, რომ ალამი იყო სწორკუთხედის ფორმისა ან სწორკუთხედი, დაბოლოებული ორი სამკუთხა კალთით. დ-ების შესახებ ცნობები შუა საუკუნეების ევროპულ პორტოლანებზეც გვხვდება. ზოგიერთ მათგანზე (პ. ვესკონტეს 1320 შავი ზღვის ატლასი, ა. დულჩერტის , ფ. და დ. პიციგანოების 1367, გ. ვალსეკას 1439 და 1447 პორტოლანები, კატალონური ატლასი 1375 და სხვ.) საქართველოსთან დატანილია თეთრი დ. ხუთი წითელი ჯვრით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანიდან (XV– XVIII სს.) შემორჩენილია XVII– XVIII სს. რამდენიმე დ. მათგან აღსანიშნავია ორი სამეფო დ.: ქართლის მეფის ვახტანგ VI-ისა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ისა.

ვახტანგ VI-ის დ-ის ალამი მუქი შინდისფერია, გამჭვირვალე აბრეშუმისა, სწორკუთხა ფორმის, ტარზე ჩამოსაცმელი. მოხატულია ორსავე მხარეს. ერთ მხარეზე, ცენტრში, მედალიონისებურ ჩარჩო- ში გამოსახულია სვეტიცხოვლის აღმართვა: სვეტი, უჭირავს ორ ანგელოზს, სვეტის კვარცხლბეკთან დგანან მირიან მეფე და წმ. ნინო, ჯვრის კვარცხლბეკის ქვემოთ ქრისტეს კვართია. ალმის მეორე მხარეს ისეთსავე ჩარჩოში გამოსახულია დავით წინასწარმეტყველი (ბაგრატიონთა ლეგენდარული წინაპარი), იქვე – ბაგრატიონთა გერბის ემბლემები: სასწორი, სფერო, კვერთხი, შურდული. დავითის ზემოთ გამოსახულია ხმალი, სკიპტრა და გვირგვინი. ორივე მხარეზე, მედალიონის აქეთ-იქით, ადამიანის სახის მზისა და მთვარის დისკოებია. ალმის არე მოფენილია ვარსაკვლავებით. ალამს ოთხსავე კიდეზე გასდევს ასომთავრულით შესრულებული ტექსტი დავითის ფსალმუნიდან, რ-იც ბოლოვდება თარიღით – 1711. დ. ვახტანგს რუსეთში წაუღია. ბაქარ ბატონიშვილის შთამომავლისაგან ის მემკვიდრეობით მიუღია გოლიცინს. 1922 დ. საქართველოში დააბრუნეს. ამჟამად ინახება საქართვ. ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. მუზეუმში.

სოლომონ I-ის დ-ის ალამი ვარდისფერია, სამკალთიანი. მის ერთ მხარეზე გამოსახულია ამხედრებული წმ. გიორგი, რ-იც კლავს გველეშაპს, მეორეზე – ხმალაწვდილი მთავარანგელოზი. დ-ის თავზე ჯვარია, ზედ ქვეითი წმ. გიორგია გამოსახული. ჯვრის ქვემოთ ბუშტია, რ-ზეც მხედრულად წერია: "მეფე სოლომონ". დ. ინახება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახ. ისტ.-ეთნ. მუზეუმში.

გარდა ამ ორი სამეფო დ-ისა, შემოგვრჩა ამ პერიოდის ორი საუფლისწულო დ.: გიორგი XII-ისა (ინახება იოსელიანების ოჯახში) და იულონ ბატონიშვილის დ-ის ნაწილი (საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი); რამდენიმე სათავადო დ.: მუხრანბატონისა (დაკარგულია, შემოგვრჩა ამ დ-ის ე. თაყაიშვილისეული აღწერილობა), პაპუნა მოურავის (ენდრონიკაშვილის), გურიის ერისთავის (საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი); ეკლესიისათვის შეწირული რამდენიმე დ.: 1616 მაღალაძის მიერ კავთის წმ. გიორგის ეკლესიისთვის შეწირული, სოფ. გერის ეკლესიის (ორივე – საქართვ. ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. მუზეუმი), ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის (ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), მჭადიჯვრის ორი დ. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ საქართველოს რუკაზე გამოსახულია თავადების, ერისთავებისა და მოურავების დ-ები, მაგრამ ძნელი სათქმელია რამდენად რეალურია ისინი.

1917 რუს. თებერვლის რევ. შემდეგ გაჩნდა ეროვნ. დ-ის აუცილებლობა. საქართველოს ინტერპარტიულმა საბჭომ ეროვნ. დ-ის პროექტის შესამუშავებლად მიიწვია ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, დ. შევარდნაძე, ი. ნიკოლაძე. შედგა დ-ის პროექტი, ავტორი იყო ი. ნიკოლაძე. საქართველოს ეროვნ. დ. პირველად გამოფინეს 1917 წ. 19–22 ნოემბ. სახაზინო თეატრში (ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის ეროვნ. თეატრი) საქართვ. ეროვნ. ყრილობაზე და თეატრის აივანზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს – 1918 წ. 26 მაისს – ეროვნ. დ. აღმართეს მთავრობის სასახლეზე (ახლანდ. თბილისის ახალგაზრდობის სასახლე). 1918 სექტ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ეროვნ. დ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწ. დ-ად გამოაცხადა. მიიღეს კანონი "საქართველოს რესპუბლიკის დროშის" შესახებ. მასში მოცემულია დ-ის აღწერილობა: "დროშა შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შვინდის ელფერისა), შავი და თეთრი თანასწორი ზოლები ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენენ ალმის განის ნახევარსა და სიგრძის ორ მეხუთედს". საქართვ. დამფუძნებელმა კრებამ 1921 წ. 21 თებერვალს მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რ-შიც ნათქვამია: "საქართველოს რესპუბლიკის დროშა არის შვინდისფერი ალამი შავი და თეთრი ზოლითა" (მუხლი მეოთხე).

საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, 1922 დამტკიცდა საბჭ. საქართვ. დ. და გერბი. დ-ის ალამი წითელი ფერის ქსოვილის იყო: მარცხენა ზედა კუთხეში ოქროსფერი ასოებით ქართულად ეწერა: "სსსრ". 1937 მიღებულ იქნა დროშის ახალი ვარიანტი – წითელი ფერის ალამზე მარცხენა ზედა კუთხეში ოქროსფერი ასოებით ქართულად ეწერა: "საქართველოს სსრ". საქ. სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1951 წ. 11 აპრილის ბრძანებულებით დამტკიცდა საქ. სსრ ახალი სახელმწ. დ. ესკიზი შეადგინა ს. მაისაშვილმა. დ-ის ალამი იყო მართკუთხედის ფორმის წითელი ქსოვილი (სიგანისა და სიგრძის შეფარდება – 1:2); ზემო კუთხეში, ტართან ჰქონდა ცისფერი კვადრატი, მის შუაგულში – წრე, წრეში – ნამგალი და ურო, მათ თავზე ხუთქიმიანი ვარსკვლავი. წრიდან კვადრატის გვერდებს ეფინებოდა 24 სხივი. კვადრატის მარჯვ. გვერდის შუაგულიდან დ-ს მთელ სიგრძეზე გასდევდა ცისფერი ზოლი.

centerსაქართველოს სახელმწიფო დროშა (2004-იდან).

1990 წ. 14 ნოემბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად არჩეულმა საქართვ. რესპ. უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო დ.

2004 შემოღებულ იქნა ახალი დ. იხ. სახელმწიფო დროშა.

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ჟამთააღმწერელი, იქვე; სტეფანოს ორბელიანის "ცხოვრება ორბელიანთა"-ს ძველი ქართული თარგმანები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978.

ლიტ .: ბ ა რ ნ ა ვ ე ლ ი  ს., ქართული დროშები, თბ., 1953; ბ ი ჭ ი კ ა შ ვ ი ლ ი  ი., ჩ ა გ უ ნ ა ვ ა  რ., ისტორიული ცნობები ქართული ხუთჯვრიანი დროშის შესახებ, «24 საათი», 2004, №15; გ ა მ ს ა- ხ უ რ დ ი ა  ს., შ ო შ ი ა შ ვ ი ლ  ი  ნ., ხ ი დ უ რ ე ლ ი  ზ., საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები, თბ., 1990; თ ვ ა რ ა ძ ე  ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში, თბ., 2004; მ უ ს ხ ე ლ ი შ ვ ი ლ ი  დ., საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის შესახებ, «პარლამენტის უწყებანი», 1997, №27, 28; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7); Б р у н Ф., Перипл Каспийского моря, Од., 1872.

უ. სიდამონიძე

ნ. შოშიაშვილი