„დროშა“, პირველი ქართული არალეგალური სოციალისტური მიმართულების ყოველდღიური ჰექტოგრაფიული გაზეთი, გამოდიოდა პარიზში 1873 (რედ. ნ. ნიკოლაძე).
გამოვიდა გაზეთის 10 ნომერი [1873 წლის 1 (13) აპრილიდან 10 (23) აპრილამდე]. ამის შემდეგ "დმ" არსებობა შეწყვიტა. გაზეთის დამფუძნებლები, თანამშრომლები და ავტორები იყვნენ: ნ. ნიკოლაძე, დ. მიქელაძე (მეველე) და პ. იზმაილოვი. "დ-ის" შექმნის იდეა წარმოიშვა პარიზში ნ. ნიკოლაძის მიერ ქართ. შრიფტის გამარტივებასა და ქართ. სტამბის მოწყობაზე მუშაობისას.
დაბეჭდილი 10 ნომერი (თითოეული 100 ეგზემპლარად), უფასოდ ეგზავნებოდათ ციურიხში, ჟენევასა და ვენაში მცხოვრებ ქართველებს. გაზეთზე გამოხატული იყო გაშლილი დროშა, რ-საც ახლდა ი. ჭავჭავაძის სიტყვები: "თუმცა აწმყო არ გვწყალობს, მომავალი ჩვენია". ჩვენამდე მოაღწია გაზეთის მხოლოდ სამმა ნომერმა, რ-ებიც თავად ნ. ნიკოლაძემ ლონდონში ყოფნისას (1926 წ. დეკემბერში) ბრიტანეთის მუზეუმში აღმოაჩინა.
გაზეთში გამოქვეყნებული მასალები თემატურად ასე იყოფა: საგარეო პოლიტიკა, ნაციონალური საკითხები, მუშათა მოძრაობის საკითხები, სოციალიზმის პრობლემა, სოც. და ისტ. ხასიათის საკითხები. რაც შეეხება "დ-ის" პოლიტ. მიმართულებას, შეიძლება ითქვას, რომ ის არის პირველი ქართ. არალეგალური სოციალ. გაზეთი, რ-იც ცდილობდა პროგრ. ევრ. აზროვნების გადმოტანას საქართველოში. რუსული ნაროდნიკობიდან ევროპული სოციალიზმისაკენ! – ასე შეიძლება შეფასდეს გაზეთ "დ-ის" იდეურ-პოლიტ. მრწამსი.
"დ-ს" ეგზემპლარები ინახება ბრიტანეთის მუზეუმში (ლონდონი), ფოტოასლები კი – საქართვ. ეროვნ. ბ-კასა და ნ. ნიკოლაძის პირად საარქივო ფონდში (თბილისი).
ლიტ.: შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 2001; ხ უ ნ დ ა ძ ე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2, ტფ., 1927.