დურმიშიძე ომარ ბიძინას ძე (18. VI. 1949, თბილისი, – 13. VI. 1994, იქვე), ფერმწერი, გრაფიკოსი.
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1973). 1974-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1976, 1978, 1984, 1999, 2006, 2009 წლებში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენები თბილისში, აგრეთვე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1977), მოსკოვში (1979), იტალიაში (1980). მიღებული აქვს მონაწილეობა ქართული სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილ რეტროსპექტულ გამოფენაში (თბილისი, მხატვრის სახლი, 1987).
დ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფ. ოსტატობა, კომპოზიციური მთლიანობა, ფერწერულობა, პოეტური განწყობილება, ნახატის მსუბუქი დეფორმაცია. საინტერესოა დ-ის მიერ შექმნილი ძვ. თბილისის ხედები, ნატურმორტები, განსაკუთრებით კი – ძვ. თბილისის ღამის პეიზაჟები. ძირითადი ნამუშევრები: „ბესიკის ქუჩა", „სოლოლაკი", „კლდიაშვილის ქუჩა", „ჩვენი ეზო", „ნატურმორტი იებით", „თევზები", „მსხლები", „ნატურმორტი ლიმონით" (ყველა 1983, მხატვრის კუთვნილება). წარმატებით მუშაობდა პორტრეტის ჟანრშიც („ავტოპორტრეტი", 1981, „ნინიკო", „ნუნუ", 1983, „გ. დოჩანაშვილი", 1985, „ლ. ბოიახჩევი", 1991); ავტორია გრაფ. ნამუშევრებისა: „დაბადება", „ბებია შვილიშვილთან ერთად", „ცხენი", სერია „მხატვრის გახსენება" (1986) და სხვ.