ალავერდი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის საეპისკოპოსოს ცენტრი.
მდებარეობს ალაზნის ველზე. სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპ.), თელავიდან 20 კმ-ზე. ა-ის მონასტერი VI ს. შუა წლებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI ს. დასაწყისში კახთა მეფემ კვირიკემ წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რ-იც უმთავრესად ა-ის სახელითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლ. ნაგებობაა საქართველოში (41,7 X 26,4 მ; სიმაღლე 50 მ აღწევს). ა-ის ტაძარი, ისევე როგორც ოშკისა და ქუთაისის ბაგრატის ტაძრები, ტრიკონქის ტიპის ნაგებობაა. აქაც შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რ-ის 3 ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, ოღონდ ა-ის სამივე აფსიდი გარე კედლების სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული, ამიტომ ჯვრის სახე აქ მიწის დონეზე კი არ იხაზება, არამედ სივრცეში იქმნება შენობის მოცულობითი ფორმებით.
საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები და პატრონიკეები. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბოძს ეყრდნობა. ამავე ბოძებზეა გადაბმული ერთმანეთთან მიახლოებული აფსიდები, რ-ებითაც ისინი უშუალოდ გუმბათქვეშა სივრცესთან არიან დაკავშირებული. ა-ის ხუროთმოძღვარმა შექმნა გრანდიოზული შიგა სივრცე (შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო გრანდიოზული მთელ ქართ. არქიტექტურაში), რ-იც არაჩვეულებრივი ძალით მოქმედებს მნახველზე. ამ სივრცეში ძალიან ნათლად იგრძნობა კახეთის ძეგლების დამახასიათებელი თავისებურება – პროპორციების აზიდულობა, ვერტიკალობა. ეს თვისება კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს გარედან. ტაძრის ფასადების მორთულობა ძალიან ძუნწია – ესეც კახეთის არქიტ. თავისებურებაა; უზარმაზარი კედლების ფართო, მხოლოდ თაღებით და ნიშებით დანაწევრებული სიბრტყეები დიდებულ შთაბეჭდილებას ქმნის. აღმოსავლეთის ფასადზე აქაც მეორდება ტრად. ხუთთაღიანი კომპოზიცია, მაგრამ არის ზოგი დეკორ. დამატებაც, რ-ებიც იმ დროის სხვა ოსტატებმაც შეითვისეს – ეს არის წრეხაზები და თაღები, ამოზრდილი იმ ლილვების კონებიდან, რომელთაც შუა თაღი ეყრდნობა. ინტერიერი კარგად არის განათებული ფართო კარ-სარკმლებიდან უხვად შემოსული სინათლით (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). ჩრდ-ით, სამხრ-ით და დას-ით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რ-ებიც XIX ს. დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარესაა განლაგებული ტაძრის შესასვლელებიც. ტაძარი უმთავრესად რიყის ქვით არის ნაგები. შიგნიდან და გარედან მთლიანად შემოსილია (მეორეხარისხოვან სადგომთა გარდა) მოყვითალო ნასვრეტიანი ტუფით, ე. წ. შირიმის ფილებით (თავდაპირველად ფასადები შეთეთრებული არ ყოფილა). ნაგებობა გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რ-თა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები. ა-ის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრისგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (კახთა მეფის ალექსანდრე I-ის დროს, XV ს. 80-იანი წლები.) მთლიანად აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ა-ის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურითაა ნაგები. XIX ს. ბოლოს ა-ის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (გაიხსნა 1967) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI ს. მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV–XVI სს., ხოლო ჩრდილოეთის კედლებზე – XVI–XVII სს. ფრესკები. ა-ის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რ-საც გარს ერტყმის გალავანი (XVII–XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რ-იც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა (მისი ქვედა სართული – კამაროვანი დარბაზი, XVI – XVII სს-ში სატრაპეზო ყოფილა). 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რ-ზედაც დაბალი, კვადრ. ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრ. ნაგებობებიც, აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვ.
თავდაპირველად ა. მხოლოდ მამათა მონასტერი იყო. XVII– XVIII სს-ში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ა. ლიტ. საქმიანობის მძლავრი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები, კალიგრაფები და ა. შ. ცნობილი არიან ფილიპე ალავერდელი (XVI–XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVIII ს.) და სხვ. განსაკუთრებით გამოირჩევა მარიამ-მაკრინე ბაგრატიონ-ჩოლოყაშვილი (XVIII ს.), რ-იც ეწეოდა ორიგ. შემოქმედებით საქმიანობას ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში – ამრავლებდა ხელნაწერებს, წერდა საბუთებს. კულტ.-საგანმან. საქმიანობა ა-ში გრძელდებოდა XIX ს. დამდეგამდე (კირილე ამირანიძე, იოანე ლარაძე).
ძეგლის რესტავრაციაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ არქიტექტორები: ლ. ხიმშიაშვილი, გ. ჭეიშვილი, შ. ცინცაძე, ნ. კერესელიძე, ი. მოსულიშვილი და სხვ.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974; ჩუბინაშვილი გ., ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი სამი მთავარი კათედრალი, კრ.: არილი, ტფ., 1925; მისივე, Архитектура Кахети, Тб., 1959.
ვ. ბერიძე
ლ. მენაბდე