ალავერდი, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ოჟიოს თემში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ალაზნის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 430 მ, ახმეტიდან 25 კმ, თელავიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 20 კმ. 141 მცხ. (2014).
ა-ში დგას ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ალავერდი. ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზეა ახმეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სოფლის მიდამოები მდიდარია არქეოლ. ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია ე. წ. ალავერდი II (შვინდიანი), შუა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XVIII–XVII სს.) სამაროვანი მდ. ალაზნის მარჯვ. ნაპირას, სოფლის ჩრდ.-დას-ით. გაითხარა 1969–71 (შ. დედაბრიშვილი). საგანგებოდ დამწვარ თიხატკეპნილ მოედანზე (ფართ. 1000 მ²) აღმოჩენილია სამარხი და სარიტუალო ორმოები. სამარხთა უმრავლესობაში ღარიბული ინვენტარი (თიხის რამდენიმე ჭურჭელი) იყო. 2 სამარხი გარშემორტყმული იყო ქვის წრეებით და გამოირჩეოდა სიმდიდრით (ათეულობით თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საკინძები და სხვ.). ერთ-ერთში აღმოჩნდა საფეხურებიანი და თახჩიანი დასაკრძალი კამერა. მასში დადასტურდა კრემაციის წესი. სხვა ყველა სამარხი ინჰუმაციურია. სამარხებში აღმოჩნდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი ბრინჯაოს ხუთკოპიანი და თავხვია საკინძების პროტოტიპები, თიხისაგან გამოძერწილი ნავის მინიატიურული მოდელი. მოხატული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი და სხვ. ა. II -ის სამაროვნის მონაცემები ასახავს გვაროვნ. საზ-ბის დაშლის გარკვეულ ეტაპს. კერძოდ, ქონებრივი დიფერენციაციის დაწყებასა და გვაროვნ. არისტოკრატიის გამოყოფას.
შ. დედაბრიშვილი