კვირაცხოვლობა, თომას კვირა

კვირაცხოვლობა

კვირაცხოვლობა, ქრისტიანული დღესასწაული, აღინიშნება აღდგომის სწორ კვირადღეს, აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. კ-ს მეორენაირად თომას კვირას უწოდებენ, რადგან ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ მოციქულ თომას რწმენაში შესვლის სასწაულს. აღდგომის დღეს, როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა, თორმეტთაგან ერთმა, თომა მოციქულმა, რ-იც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, უფლის მკვდრეთით აღდგომა არ ირწმუნა. აღდგომიდან მერვე დღეს მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, მოუწოდა მას მისულიყო და ხელით შეხებოდა მის ჭრილობებს. თომა მუხლებზე დაეცა და სიტყვებით – „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“ ქრისტეს აღდგომა და ღვთაებრიობა აღიარა. კ-ს ეკლესიაში აღდგომისათვის საგანგებოდ გამომცხვარი პური – „არტოსი“ – რიგდება, რ-იც მორწმუნეთათვის დიდი სიწმინდეა.

საქართველოში კ-ს, რელიგიური ხასიათის გარდა, ხალხური დღესასწაულის სახეც ჰქონდა. თბილისში, სახელდობრ, ამ დღეს ჩუღურეთის კვირაცხოვლის ეკლესიასთან დიდი ზეიმი იმართებოდა. წირვის შემდეგ იწყებოდა ბურთის თამაში. ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ბურთის ხელში ჩასაგდებად იბრძოდა. მათ სწამდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში მთელი წელი სიუხვე და ბარაქა არ მოაკლდებოდათ. ამ რწმენის საფუძველზე თამაშის დასრულებისას ბურთს ანაკუწებდნენ და ინაწილებდნენ. XIX ს-ში ჩუღურეთის ფერდობზე ბურთის მაგივრად სააღდგომო წითელ კვერცხებს აგორებდნენ. ვისი კვერცხიც შორს გაგორდებოდა, მოგებულიც ის რჩებოდა. ამ ტრადიციის გამო ჩუღურეთის გორას „წითელ გორასაც“   უწოდებდნენ.

ლიტ.: ბერიძე თ., ძველი თბილისის სურათები, თბ., 1980.

თ. ბერიძე