დონ ხუან სპარსელი

დონ ხუან სპარსელი, (Don Juan de Persia; ნამდვ. სახელი – უ რ უ ჯ - ბ ე გ ი, უ ლ უ გ - ბ ე გ ბ ა ი ა თ ი) (დაახლ. 1560 – 15. X. 1605, ვალიადოლიდი), ირანელი დიპლომატი. შაჰ აბას I-ის თანამებრძოლი.

1598 შაჰ-აბას I-მა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მიზნით ინგლ. ე. შერლის მეთაურობით ევრ. სახელმწიფოებში გააგზავნა ელჩობა, რ-ის მდივანი დ. ხ. ს. იყო. ესპანეთში მან ქრისტიანობა მიიღო და საბოლოოდ იქ დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ესპანეთში შეადგინა რელაციონი (1602–03), რ-იც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა XVI ს. ბოლო მეოთხედის ირან.-ოსმ. ომისა (1578–90) და საქართველოს ისტორიის აღნიშნული პერიოდის შესასწავლად. ამ ომის მთავარი ასპარეზი აღმ. ამიერკავკასია, კერძოდ, ქართლი და სამცხესაათაბაგო იყო. რელაციონში არის საქართველოს პოლიტ.-გეოგრ. აღწერილობა, ცნობები ოსმალების შემოსევის, სიმონ I-ის საგმირო საქმეების, ათაბაგ მანუჩარ II-ის (მუსტაფა ფაშა) გამაჰმადიანების, ოსმალეთის წინააღმდეგ სიმონისა და მანუჩარის ერთობლივი ბრძოლის, ალავერდი-ხან უნდილაძის შესახებ და სხვ.

თხზ.: Relations de Don Juan de Persia, dirigidas a la Majestad Chatolica de Don Philippe III, Rey de las Españos, Valladolid, 1604.

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე  ბ., ულუგ-ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი XVI საუკუნის საქართველოზე, კრ.:ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, [ტ.] 1, თბ., 1975; ზ ე დ გ ი ნ ი ძ ე  გ., დონ ხუან დე პერსიას ცნობები საქართველოს შესახებ, კრ.: ქართული დიპლომატია. წელიწდეული, [ტ.] 4, თბ., 1997; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი  ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყაროების მიხედვით), თბ., 1981.

ე. მამისთვალიშვილი