კვიციანი ტარიელ ათმურზას ძე (დ. 30. X. 1944, სოფ. ბეჩო, მესტიის მუნიციპალიტეტი), ჰიდროტექნიკოსი, პედ. მეცნ. დოქტორი (1999), ტექ. მეცნ. დოქტორი (2001), პროფესორი (2003), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (2006). 1969 დაამთავრა სპი-ის სამშ. ფაკ-ტი სპეციალობით ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობა, 1976 – თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1969 იყო საქართვ. ჰიდროტექ. და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი. 1974-იდან მუშაობს სპი-ში (ახლანდ სტუ) თეორიული მექან. კათედრაზე. 1998– 2014 იყო ამავე უნ-ტის თეორიული მექანიკის №4 კათედრის გამგე. 2014-იდან საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის პროფესორია.
კ-ის სამეცნ. ნაშრომები ეხება ერთ- და მრავალპარამეტრიანი სისტემების მათემატიკურ შესწავლას, უწყვეტი სხეულის მექანიკას, ცვალებადი მასის სისტემების დინამიკას. გამოიყვანა და შეისწავლა საშიში ბუნებრივი მოვლენების (მეწყერი, თოვლის ზვავი და სხვ.) აღმწერი ჩვეულებრივი და კერძოწარმოებულიანი განტოლებები. მის მიერ მიღებულია გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე არაერთი შედეგი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 5 მონოგრაფია, 11 სახელმძღვანელო.
თხზ.: თაღოვანი კაშხლების სიმტკიცეზე გაანგარიშების კომბინირებული მეთოდი და ოპტიმალური პარამეტრების შერჩევის საკითხი, თბ., 2013; თეორიული მექანიკა (სახელმძღვანელო), ნაწ. 2, თბ., 2015, ნაწ. 3, თბ., 2019.