კიანეთის სამების ეკლესია

კიანეთის სამების ეკლესია. X ს.

კიანეთის სამების ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ტიპის ეკლესია. მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. კიანეთში. თარიღდება X ს-ით. წარმოადგენს გეგმით მართკუთხა ნაგებობას. ნაგებია მოყვითალო ფერის სუფთად ნათალი სხვადასხვა ზომის დიდი კვადრებით. გარეთა კედლების წყობაში ალაგ-ალაგ ჩასმულია სხვადასხვა პერიოდის (VII–X სს.) მოჩუქურთმებული წარწერიანი ფრაგმენტები. ეკლესიის შიგა სივრცე აღმ-ით დასრულებულია ოდნავ ნალის ფორმის აფსიდით, რ-იც გეგმის სწორკუთხედის ფარგლებშია მოქცეული. წყვილი პილასტრი დარბაზის კედლებს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღი (შემორჩენილია ორივე ქუსლი) ეყრდნობოდა. სარკმლები გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი თარაზულადაა გადახურული. ასევეა გადაწყვეტილი სამხრ. შესასვლელიც. აღმ. ფასადის ვიწრო სარკმელი შემკულია სათაურით, რ-ის ზემოთ წრეში მოქცეული ჯვარია გამოსახული. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. აღდგენის დროს ეკლესია კრამიტით გადახურეს.

ლიტ.: მეფისაშვილი რ., სოფელ კიანეთის X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი. – ძეგლის მეგობარი, 1972, №30; მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსპედიციები მაშავერას ხეობაში, თბ., 1941; ქართული წარწერების კორპუსი, I. ლაპიდარული წარწერები (შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა), თბ., 1980; Georgian Architecture, a documented photo-archival collection on microfiche ..., vol. 4, Leiden, 1999.

ვ. დოლიძე