კიდეგანის ქედი, აღმ. კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთი განშტოება. საქართველოს ფარგლებში შემოდის მისი მხოლოდ აღმ. ფერდობი. ქედი მდ-ების – ასისა და არმხის წყალგამყოფია. უმაღლესი მწვერვალია ახიელისმაღალი (4274 მ). სხვა მწვერვალებია: კიდეგანისმაღალი, გველისმთა, სახარისმაღალი, ჭიმღისმაღალი, ვაჟა-ფშაველას მწვერვალი, თათელისმაღალი და სხვ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: არხოტისთავისღელე, სახარისღელე, საჯიხვისღელე და სალაშქროსღელე. აგებულია იურული თიხაფიქლებით. ორივე კალთაზე ჩამოწოლილია მყინვარები. ახასიათებს მთა-მდელოსა და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. ამგებელი ქანების ლითოლოგიურმა სირბილემ ხელი შეუწყო ფერდობების ძლიერ დანაწევრებას.
ლ. მარუაშვილი