კიზირია ანტონ იოსების ძე

კიზირია ანტონ იოსების ძე (8. I. 1914, სოფ. კოდორი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 8. XII. 1986, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1969), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა ქუთ. პედ. ინ-ტის ქართ. ენისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1937). 1943-იდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინ-ტში, 1945–55 – თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრაზე. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილისში, ქუთაისსა და თელავში. იკვლევდა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს, ძირითადად – ქართველური ენების სინტაქსის პრობლემებს. ავტორია მონოგრაფიებისა და სამეცნ. სტატიებისა.

თხზ.: მარტივი წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ., 1963; რთული წინადადების შედგენილობა ძველ ქართულში, თბ., 1969; მარტივი წინადადების შედგენილობა ქართველურ ენებში, თბ., 1982; „მარტივი წინადადებების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედვით და კომუნიკაციები“, 1987; ნარკვევები ქართული ენის შესწავლის ისტორიიდან, თბ., 1997.

ლ. კვანტალიანი