კიზირია ბენიტო ივანეს ძე (18. VI. 1930, თბილისი, – 15. V. 2018, მოსკოვი), გეოფიზიკოსი, გამომგონებელი. პროფესორი. 1953 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით. 1953–61 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის გეოფიზ. ინ-ტის ატმოსფეროს ფიზიკის განყ-ბაში. მონაწილეობდა საველე სამუშაოებში ალაზნის ველზე, სადაც მუშავდებოდა ღრუბლებზე ზემოქმედების მეთოდები და ტექ. საშუალებები, აგრეთვე მონაწილეობდა პირველი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის გამოცდაში, რ-იც ჩატარდა 1958 ცივ-გომბორის უღელტეხილზე.
1960 კ. რუსეთის მეცნიერებთან ერთად ახორციელებდა ღრუბლებში სეტყვის კერებზე ზემოქმედების ტექ. საშუალებების გამოცდას. 1961 დაინიშნა სოფ. მეურნ. სამინისტროს სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის უფროსად.
1967 კ. მიიწვიეს მოსკოვში. მან მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლ. სამსახურის მთ. სამმართველოში ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების განყ-ბის ხელმძღვანელად. 1969 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის კ-ს მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია.
1989 კ-მ მოსკოვში დააარსა სამეცნ. ცენტრი „АВС“. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დარახველიძე