კიზირია გივი ბართლომეს ძე (15. III. 1928, თბილისი, – 2001, იქვე), ინჟინერი, რკინაბეტონის კონსტრუქციების სპეციალისტი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1976). საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვილი წევრი (1996). 1949 დაამთავრა თბილ. ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტი. 1949–59 მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის სატრანსპორტო მშენებლობის სამეცნ.-კვლ. და საპროექტო დაწესებულებებში. 1959–85 საქართვ. მეცნ. აკად. სამშ. მექანიკისა და სეისმომედეგობის (სმს) ინ-ტში თავდაპირველად ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული დაპროექტების, შემდეგ კი – ხანგრძლივი სიმტკიცისა და პოლიმერების განყ-ბას. ორი წლით მივლინებული იყო ინდონეზიის რესპუბლიკაში ტექნიკური კადრების მოსამზადებლად. 1985-იდან ისევ სმს-ის ინ-ტში დაბრუნდა. პარალელურად სპი-ში (1990-იდან – სტუ) იყო ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ათობით სამოქალაქო და სამრეწვ. ნაგებობა, მ. შ. დიღმისა და ვახუშტის ხიდები თბილისში, ორიგინალური სისტემის ვანტური ხიდი ბორჯომში, ლაჯანურჰესის კაშხალი და სხვ.
კ-ს სამეცნ. შრომები ეხება ნაგებობათა თეორიას. მან საფუძველი ჩაუყარა მშენებლობაში რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ახ. (ცოცვადობის დეფორმაციების გათვალისწინებით) მეთოდებს, რ-თა მიხედვითაც საქ-ში აიგო ხიდები, აკვედუკები, სამრეწვ. და მაღლივი საცხოვრ. შენობების საძირკვლები და საყრდენი კედლები. 1980–2000 ტექნიკის დარგში შესრულებული სამუშაოსათვის – „შენობა-ნაგებობების საიმედოობის ამაღლების კომპლექსური ღონისძიებების კვლევა და რეალიზაცია“ – ავტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (2002). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
თხზ.: ხიდები და ნაგებობანი გზებზე, თბ., 1980; Расчет конструкций с учетом деформации ползучести бетона, Тб., 1959; Усадка, ползучесть и местные напряжения в предварительно напряженных конструкциях мостов, М., 1959.