კიკაბიძე ვახტანგ (ბუბა) კონსტანტინეს ძე

ვ. კიკაბიძე

კიკაბიძე ვახტანგ (ბუბა) კონსტანტინეს ძე (19. VII. 1938, თბილისი, – 15. 01. 2023, თბილისი), ესტრადისა და კინოს მსახიობი, მომღერალი, კინორეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახ. (2010), საქართვ. (2013) და სსრკ (1979) სახელმწ. პრემიების ლაურეატი, უკრაინის დამს. არტისტი (2013). 1961–63 სწავლობდა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტში. 1959-იდან იყო საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. 1963–66 მღეროდა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „დიელოში“, 1966-იდან – ანსამბლ „ორერაში“ (1972-იდან სამხატვრო ხელმძღვ.). 1984–88 საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრ „რეროს“ (ხელმძღვ. კ. პევზნერი) სოლისტი იყო, 1987–88 – სამხატვრო ხელმძღვ. 1993-იდან გამოდის სოლო პროგრამით სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში.

კ-ის, როგორც მომღერლის, შესრულება გამოირჩეოდა ბუნებრიობით, უშუალობითა და დახვეწილი პლასტიკით. ახასიათებს მაყურებელთან კონტაქტის განსაკუთრებული უნარი. მისი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: „მეფაიტონე“, „ჩემო თბილის ქალაქო“, „სადაც გინდა იქ ილოცე“, „თბილისური უბნები“, „ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“ (ყველას ავტორი – გ. ცაბაძე).

ვ. კ ი კ ა ბ ი ძ ე, კადრი ფილმიდან
"მიმინო", მსახიობები:
ფ. მ კ რ ტ ჩ ი ა ნ ი, ვ. კ ი კ ა ბ ი ძ ე.
რეჟისორი გ. დ ა ნ ე ლ ი ა. 1977.

კ-ს 1964-იდან იღებენ კინოში. 1975-იდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობია. კინოდებიუტი შედგა მუს. კომედიაში „შეხვედრა მთაში“ (გია; რეჟ. ნ. სანიშვილი, 1966). განსაკუთრებული წარმატება მოუტანა ბენჟამენ ღლონტის როლმა კომედიაში „არ იდარდო!“ [რეჟ. გ. დანელია, 1969 – პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის კართახენას (კოლუმბია) სკფ, 1970; „მოსფილმისა“ და „ქართული ფილმის“ ერთობლივი ნაწარმოები]. მნიშვნელოვანი როლებია: მედროგე პავლე („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ. გ. შენგელაია, 1973), ვალიკო მიზანდარი („მიმინო“, რეჟ. გ. დანელია, 1977, „მოსფილმი“, სსრკ სახელმწ. პრემია, 1978), თომა ბერიძე („ფორტუნა“, რეჟ. გ. დანელია, 2000, კინოკომპანია „კინომოსტი“). ითამაშა მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები სხვადასხვა ჟანრის ფილმებში: „მე, გამომძიებელი“ (გიორგი მიქელაძე, რეჟ. გ. კალატოზიშვილი, 1971), „მთლად წყალწაღებული“ (ჰერცოგი, რეჟ. გ. დანელია, 1972, „მოსფილმი“), „დაკარგული ექსპედიცია“ (კომისარი კობახიძე, რეჟ. ვ. დორმანი, 1975, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), „დიუმა კავკასიაში“ (არკაპოსი, რეჟ. ჰ. ჰაჟკასიმოვი, 1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), „ოლღა და კონსტანტინე“ (კონსტანტინე, რეჟ. ე. მეზენცევი, 1984, „ლენფილმი“), „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს“ (ჯონ გლები, რეჟ. ვ. ფოკინი, 1984, მ. გორკის სახ. კინოსტუდია) და სხვ. თავისივე სცენარებით გადაიღო ფილმები: „იცოცხლე, გენაცვალე“ [რეჟ. თ. გომელაურთან ერთად, 1981 – გაბროვოს (ბულგარეთი) სკფ პრიზი] და „მამაკაცები და სხვები“ (1985), სადაც მთავარ როლებს თვითონვე ასრულებს.

დაჯილდოებულია ღირსების (1997), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, წმ. გიორგის (2008) და არაერთი საერთაშ. ორდენით. კ-ის ვარსკვლავი გახსნილია მოსკოვსა (გამოჩენილ პიროვნებათა ხეივანი, 1999) და თბილისში (დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, 2006). გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი.

კ. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).