კიკალიშვილი თამაზ ოლიფანტეს ძე (დ. 13. VI. 1937, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1981). ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ქორეოგრაფ რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1955–81 იყო საქართვ. ხალხური ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახ. ქართ. ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე (სოლისტი). კ. წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. მისი შემოქმედებითი ინდივიდუალურობა და მაღალი ოსტატობა განსაკუთრებით გამოვლინდა ცეკვებში: „მხედრული“, „შეჯიბრი“, „აჭარული სიუიტა“, „მოხეური“, „განდაგანა“, „ძველი თბილისის სურათები“, „ლელო“ და სხვ. მისი ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გამომსახველობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. 1981–88 მუშაობდა ბორჯომის კულტურის სახლთან არსებულ ქართ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ხელმძღვანელად.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
თ. უთმელიძე