კიკაჩეიშვილი ბიძინა ნესტორის ძე (1915, სამტრედია, – 9. VIII. 1990, იქვე), თეატრის რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე. 1932-იდან მონაწილეობდა სამტრედიის რკინიგზის მუშათა კლუბის სცენისმოყვარეთა დასის წარმოდგენებში. 1938 ქ. ხარკოვში დაამთავრა ხელოვნების სტუდია. II მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ხელმძღვანელობდა სამტრედიის რკინიგზელთა კლუბთან არსებულ სახ. თეატრს. 1965-იდან იყო მასწავლებელთა სახლის დრამ. წრის ხელმძღვანელი. კ-ის მიერ დადგმული სპექტაკლებია: ჰ. ჰაჯიბეკოვის „არშინ მალ-ალან“, გ. ნახუცრიშვილის „ცეცხლის ხაზზე“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ და „ოთარაანთ ქვრივი“, ა. აფხაიძის „დაიბრუნეთ თქვენი ახალგაზრდობა“. კ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (1958). სპექტაკლის რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სამტრედიის დრამატულმა წრემ სახალხო თეატრის წოდება მიიღო. კ. დაჯილდოებულია დიპლომებითა და სიგელებით.