კიკბოქსინგი

კიკბოქსინგი

კიკბოქსინგი (kick – ფეხით დარტყმა, boxing – კრივი), სპორტული ორთაბრძოლის სახეობა. შეიქმნა ინგლისური კრივისა და აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნ. რამდენიმე მიმართულების საფუძველზე (კარატე, ტაეკვონდო, ტაილანდური კრივი). კ., როგორც სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, წარმოიშვა აშშ-ში XX ს. 70-იან წლებში. მისი პირველი პოპულარიზატორები იყვნენ ჩაკ ნორისი და ბრიუს ლი. პირველი ტურნირი გაიმართა 1974 ლოს-ანჯელესში. იმავე წელს სპორტის ამ ახალ სახეობას, რ-საც მანამდე კარატეს ქვესახეობად მიიჩნევდნენ, დასავლეთბერლინელმა სპორტის მენეჯერმა, გ. ბრუკნერმა კ. უწოდა. 1976 მანვე ჩამოაყალიბა კ-ის მსოფლიო ასოციაცია (WAKO), რ-იც შემდგომში ყველაზე მრავალრიცხოვანი ორგანიზაცია გახდა. საერთაშ. ოლიმპიურმა კომიტეტმა WAKO, სადაც გაერთიანებულია 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, კ-ის ერთადერთ წარმომადგენლად აღიარა. ევროპის ჩემპიონატი ტარდება 1984-იდან, მსოფლიოსი – 1978- იდან. ამჟამად, კ. სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობაა და 120 ქვეყანაშია გავრცელებული. მოყვარულთა შორის იმართება მსოფლიო ჩემპიონატები, რ-შიც 100-ზე მეტი ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ორთაბრძოლები იმართება პროფესიონალთა შორისაც (WKN, IKF, GLORY).

საქართველოში კ-ით 1990-იდან დაინტერესდნენ. იგი საბრძოლო ხელოვნების კლუბ „ჯიქში“ დაინერგა. 1993 სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა გ. ჯავახიამ. 1993 კლუბ „ჯიქის“ ბაზაზე შეიქმნა ტაილანდური კრივისა და კ-ის ეროვნ. ფედერაცია (პრეზიდენტი – გ. ჯავახია). ფედერაციამ აღზარდა მსოფლიოს 15 ჩემპიონი: გ. ჩაკვეტაძე, გ. კორძაძე, შ. ავთანდილაშვილი, დ. ჯავახია, ვ. ჯანეზაშვილი, ე. ბოლაშვილი, ხ. ქოქუაშვილი, ა. ლაფაჩიშვილი, ც. ჯავახია, კ. კალაიჯიშვილი, ა. ყარაგვეზაშვილი, ლ. ზურებიანი, ო. გოლოძე, ა. კაზარიანი და ც. სულთანიშვილი.

გ. ჯავახია