კიკვიძე იაზონ აბელის ძე

კიკვიძე იაზონ აბელის ძე (13. III. 1932, თბილისი, – 15. XI. 1978, იქვე), არქეოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1970). 1954 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. მუშაობდა აკად. ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის ფეოდ. ხანის არქეოლოგიის განყ-ბაში მეცნიერ თანამშრომლად. იყო თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი.

კ. ძირითადად იკვლევდა მიწათმოქმედების ისტორიას საქართველოში, წამოაყენა „ენეოლითური რევოლუციის“ საკითხი, ახლებურად დააყენა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ხანგრძლივობის პრობლემა. მისი აზრით, ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და მოიცავდა თრიალეთის კულტურასაც. დაასაბუთა მოსაზრება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის დაცემისა და ბარში მოსახლეობის შემცირების შესახებ. მონოგრაფიებსა და სამეცნ. წერილებში განიხილავდა რელიგიური კულტის საკითხებს და ფართოდ იყენებდა ეთნოგრაფიულ, განსაკუთრებით კი ფოლკლორულ მასალას.

კ. მონაწილეობდა მრავალ არქეოლ. ექსპედიციაში. ურბნისში მისი მონაწილეობით გაითხარა ხიზანაანთ გორა. 1970 ჩაერთო თსუ-ისა და აკად. ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმის მესხეთ-ჯავახეთის გაერთიანებულ ექსპედიციაში. 7 წლის განმავლობაში მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, თანაავტორებთან ერთად (ო. ჯაფარიძე, გ. ავალიშვილი, ა. წერეთელი), 1981 გამოიცა „მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობის შედეგები (1970–77 წწ.)“.

თხზ.: მორწყვა ძველ საქართველოში, თბ., 1963; ხიზანაანთ გორის [ურბნისის] ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი, თბ., 1972; მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით), თბ., 1976.

რ. რუსიშვილი