კიკილაშვილი ლამარა ირაკლის ასული

ლ. კიკილაშვილი

კიკილაშვილი ლამარა ირაკლის ასული (2. XI. 1930, სოფ. ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 12. X. 2018, თბილისი), ჟურნალისტი, მთარგმნელი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1983). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1955). სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწ. კომიტეტში, რადიოს უკანასკნელ ცნობათა და ლიტ.-დრამატულ რედაქციებში, ტელევიზიის ლიტ.-დრამატულ რედაქციაში იყო შემოქმედებითი გაერთიანება ,,სხივის“ ლიტერატურისა და ხელოვნების რედ. რედაქტორი. მის მიერ მომზადებულ გადაცემებში შემორჩენილია გ. ტაბიძის, გ. ლეონიძის, კ. გამსახურდიას, ს. ჩიქოვანის, რ. ინანიშვილის, ჭ. ამირეჯიბის, ო. ჭილაძის, ა. კალანდაძის, მ. ლებანიძის, თ. ჩხენკელის, ვ. ანჯაფარიძის და სხვა ხელოვანთა ხმის ჩანაწერები, რ-ებიც ინახება საქართვ. რადიოს „ოქროს ფონდში“.

კ-ის საავტორო გადაცემა ,,სახსოვარი“ ქართ. მწერლობისა და ხელოვნების ფართო სპექტრს მოიცავდა. მას ნათარგმნი აქვს ვ. ვან გოგის „წერილები“, ა. პერიუშოს „პოლ გოგენი“, „ტულუზ-ლოტრეკი“, „მანე“, ,,მონე“, ა. ფიდლერის „ამაზონის ძახილი“ და ,,კანდის ტყეთა სურნელება“.

კ. დაჯილდოებულია საქართვ. სახელმწ. (1995), ნ. ნიკოლაძის სახ. პრემიებით, ჟურნალისტთა საერთაშ. ფონდის უმაღლესი ჯილდოთი – „ოქროს ფრთა“.

თხზ.: სახსოვარი, წგ., 1–3, თბ., 2008.

თ. დოლიძე