კოლხური ტობი

კოლხური ტობი

კოლხური ტობი (Chondrostoma colchicum, Derjugin, 1899), თევზი. მიეკუთვნება კობრისებრთა ოჯახს (Cyprinidae, Fleming, 1822), ტობების გვარს (Chondrotoma, Agassiz, 1832). მაქსიმალური სიგრძე – 30 სმ, მასა – 200 გ. ძირითადად მდინარეებში ბინადრობს. ირჩევს ჩქარი დინების ქვა-ქვიშიან ადგილებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3–4 წლის ასაკში. ტოფობს ადრე გაზაფხულზე, მარტიდან ზაფხულის ბოლომდე. ქვირითს ყრის 3-ჯერ, ნაყოფიერება 3000–9000 ქვირითია. იკვებება წყალმცენარეებით, პლანქტონური და ბენთოზური ორგანიზმებით. ბინადრობს დას. საქართვ. მდინარეებში (ჭოროხი, რიონი, ხობი, ენგური, კოდორი, ბესლა, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი), ამტყელის ტბაში; გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. კ. ტ. კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს ენდემია. რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. ბუნების დაცვის საერთაშ. კავშირის (IUCN) მიერ არ არის შეფასებული (NE).

ლიტ.: ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., საქართველოს თევზები, თბ., 2013; Эланидзе Р., Ихтиофауна рек и озер Грузии, Тб., 1983.

ნ. ნინუა